ორგანიზაცია „ახალგაზრდა მწვანეები“ რაჭაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება
ორგანიზაცია „ახალგაზრდა მწვანეები“ რაჭაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
როგორც ორგანიზაცია „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, 4 ივლისს, ამბროლაურში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა, ოთარ სირაძემ და მისმა ძმამ, დავით სირაძემ, ფიზიკურად იძალადეს „ახლგაზრდა მწვანეების“ წევრ, ნიკოლოზ ღლონტზე.
„ახალგაზრდა მწვანეები“ აცხადებენ, რომ ისინი წარმოადგენენ არაპარტიულ პოლიტიკურ ორგანიზაციას და ემიჯნებიან ყველა პოლიტიკურ პარტიას, „რომელთა შორის არ არსებობს რეალური იდეოლოგიური განსხვავება“.
„პირველ რიგში, გვინდა მკაფიოდ ხაზი გავუსვათ იმას, რომ „ახალგაზრდა მწვანეები“ წარმოვადგენთ არაპარტიულ პოლიტიკურ ორგანიზაციას, შესაბამისად არ ვართ აფილირებული არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან საქართველოში, მათ შორის არც საქართველოს მწვანეთა პარტიასთან.
ჩვენ კიდევ ერთხელ გვსურს აღვნიშნოთ, რომ ვემიჯნებით ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელთა შორის არ არსებობს რეალური იდეოლოგიური განსხვავება. ერთადერთი ძალა, ვის გვერდითაც ვდგავართ არის ხალხი. დღეს არსებული პარტიების მხრიდან გარემოსდაცვით თუ სოციალურ საკითხებზე პროტესტში ჩართვა კი ემსახურება მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერას.
რაც შეეხება ინციდენტს: გუშინ, 4 ივლისს, ონში ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ აქციაზე იმყოფებოდნენ ჩვენი წევრები – მარიამ ვაწაძე, მარიამ ფახურიძე და ნიკოლოზ ღლონტი. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების გამოჩენას ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა, რასაც „ახალგაზრდა მწვანეებმაც“ აქტიურად დავუჭირეთ მხარი. ამის შედეგად, ადგილობრივმა მოსახლეობამ მსვლელობით გადაინაცვლა სხვა ტერიტორიაზე, რათა მოსახლეობის პროტესტი არ გამხდარიყო პარტიების მიერ ქულების დაწერის საშუალება.
აქციის დასრულების შემდგომ, ამბროლაურში, ერთ-ერთ ქუჩაზე შემთხვევით შეხვდნენ ოთარ სირაძე და ჩვენი წევრები, რა დროსაც ყოფილმა გუბერნატორმა მანქანიდან მათ უშვერი სიტყვებით მიმართა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ცოტა ხანში, ოთარ სირაძე და მისი ძმა გადმოვიდნენ მანქანიდან და ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს წევრს, ნიკოლოზ ღლონტს, რაც დანარჩენებმა ვიდეო მასალაზე აღბეჭდეს.
აქვე, გვინდა გამოვეხმაუროთ ოთარ სირაძის მხრიდან ჩვენ მიმართ გაჟღერებულ ბრალდებას, რომ აქტივისტებისა და ყოფილი გუბერნატორის შეხვედრა იყო დაგეგმილი. როგორც აღმოჩნდა, სასტუმრო, სადაც ჩვენი წევრები რჩებოდნენ ღამის გასათენებლად ოთარ სირაძის საცხოვრებლის მეზობლად მდებარეობდა. გარდა ამისა, ერთი და იმავე ადგილმდებარეობიდან თავდამსხმელები და აქციის მონაწილეები წამოვიდნენ ერთსა და იმავე დროს, ერთი მიმართულებით, შეხვედრა კი იყო სრულიად შემთხვევითი.
ვეხმიანებით ოთარ სირაძის მეორე ბრალდებასაც, რომ თითქოს ჩვენ ვიყავით სცენარის შემქმნელები, რომელიც წინასაარჩევნო პროვოკაციას ისახავდა მიზნად. ეს არის ცალსახად მცდარი ბრალდება, რომელიც არ ეფუძნება არანაირ ფაქტს და მიზნად ისახავს „ახალგაზრდა მწვანეების“ დისკრედიტაციას. მსგავსი დისკრედიტაციის მცდელობები ახალი არ არის ჩვენი ორგანიზაციის მისამართ, ვინაიდან ჩვენი ქმედებები და პრინციპები არ ემთხვევა არც ერთი პარტიის (იქნება ეს სახელისუფლებო თუ ოპოზიციური) პოლიტიკურ დღის წესრიგს, ისინი მუდმივად ცდილობენ, „ახალგაზრდა მწვანეების” სიტუაციურად ხან „ქართული ოცნების”, ხანაც „ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერ ჯგუფად მონიშვნას.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. იმედი გვაქვს, რომ ერთი მხრივ დამნაშავე მიიღებს საკადრის პასუხს, მეორე მხრივ ქართული პოლიტიკა გათავისუფლდება კრიმინალური ქმედებებისგან“,- აღნიშნულია „ახალგაზრდა მწვანეების“ განცხადებაში.
რაჭაში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ოთარ სირაძემ აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შსს-მ გამოძიება სსკ-ის 239-ე, ხულიგნობის მუხლით დაიწყო.
ამასთან, ოთარ სირაძე რაჭაში გუშინდელ ინციდენტს პროვოკაციას უწოდებს.