„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრს, ოთარ სირაძეს ჯგუფური ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრს, ოთარ სირაძეს ჯგუფური ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, 2020 წლის 4 ივლისს ამბროლაურში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ორ პირს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრ ოთარ სირაძეს, ბრალი წარუდგინა.

როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 4 ივლისს, ამბროლაურში, ო.ს.-მ და დ.ს.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნ.ღ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა სხეულის დაზიანებები მიიღო.

„2020 წლის 16 ივლისს პროკურატურამ ო.ს.-ს და დ.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ოთარ სირაძემ ამბროლაურში 4 ივლისს „ახალგაზრდა მწვანეების“ აქტივისტს, ნიკოლოზ ღლონტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.