„ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ოთარ სირაძემ რაჭაში აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა [ვიდეო]

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ოთარ სირაძემ ამბროლაურში „ახალგაზრდა მწვანეების“ აქტივისტს, ნიკოლოზ ღლონტს სცემა. ინფორმაციას და შესაბამის ვიდეომასალას გამოცემა „მთის ამბები“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ოთარ სირაძესთან ერთად, ინციდენტში მისი ძმა დავით სირაძეც მონაწილეობდა. სირაძესა და ახალგაზრდა აქტივისტს შორის დაპირისპირება დღეს ონში, ჰესების კასკადის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მომხდარ ამბავს უკავშირდება. იმ დროს, როცა ოთარ სირაძე „მთის ამბებს“ ინტერვიუს აძლევდა, ნიკოლოზ ღლონტმა „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით უცენზურო სიტყვა გამოიყენა. აქციის დასრულების შემდეგ, ოთარ სირაძე და ნიკოლოზ ღლონტი ერთმანეთს ამბროლაურში სავარაუდოდ შემთხვევით შეხვდნენ. გამოცემის ცნობით, სირაძე იქვე ახლოს ცხოვრობს, საოჯახო სასტუმროსთან, სადაც „ახალგაზრდა მწვანეების“ აქტივისტები არიან დაბინავებული.

ნიკოლოზ ღლონტი ამბროლაურის პოლიციამ გამოკითხა.