ოთარ სირაძე რაჭაში გუშინდელ ინციდენტს პროვოკაციას უწოდებს
ოთარ სირაძე რაჭაში გუშინდელ ინციდენტს პროვოკაციას უწოდებს

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ოთარ სირაძე რაჭაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

როგორც სირაძე „ფეისბუქზე“ წერს, წინააღმდეგია ყოველგვარი ფიზიკური ძალადობის და აცხადებს, რომ „აჯობებდა ეს ინციდენტი არ მომხდარიყო“. მისივე თქმით, მომხდარის გაო წუხს.

„როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა წინასაარჩევნო პერიოდი წარმართოს პროვოკაციების მოწყობის და პოლიტიკურ ოპონენტებთან ფიზიკური დაპირისპირებების ფონზე.

გუშინ, ონში „ნაციონალური მოძრაობა“ შეუერთდა აქციას „არა ონის ჰესების კასკადს!“.

აქციის მიმდინარეობის დროს ინტერვიუს ვაძლევდი „მთის ამბების“ ჟურნალისტს, რა დროსაც თბილისიდან ორგანიზებულად ჩამოყვანილმა ოცნების „ტიტუშკებმა“ შეიგინეს ჩვენი („ნაციონალური მოძრაობის“) მისამართით არაერთხელ. პასუხად მე ზრდილობისკენ მოვუწოდე.

მოგვიანებით, ეს უცნობი პროვოკატორები დამხვდნენ უკვე ამბროლაურში ჩემ სახლთან, სადაც ცხოვრობს ჩემი მოხუცებული დედა. ამ დროს კამერამომარჯვებულები მომადგნენ სახლთან და დამიწყეს „საქმის გარჩევა“, გინება, რომელიც გადაიზარდა მცირე ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში.

წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი ფიზიკური ძალადობის, აჯობებდა, ეს ინციდენტი არ მომხდარიყო, ვცდილობდი მის არიდებას, მაგრამ მხოლოდ ჩემზე არ იყო დამოკიდებული.

ვწუხვარ მომხდარი ფაქტის გამო“,- წერს სირაძე „ფეისბუქზე“.

რაჭაში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ოთარ სირაძემ აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შსს-მ გამოძიება ხულიგნობის მუხლით დაიწყო.