ოქტომბერში მესტიის აეროპორტში მგზავრთნაკადი 99 პროცენტით გაიზარდა
ოქტომბერში მესტიის აეროპორტში მგზავრთნაკადი 99 პროცენტით გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ოქტომბერში მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი 832 მგზავრს მოემსახურა. რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 99 პროცენტით მეტია, 2017 წელი – 419 მგზავრი.

აეროპორტის გაერთიანების ინფორმაციით, მგზავრების უმეტესობა საერთაშორისო ვიზიტორები იყვნენ.

ჯამში, ოქტომბერში ადგილობრივი აეროპორტები 991 მგზავრს მოემსახურა, რაც 91 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წელი – 518 მგზავრი).

ნოემბრის თვის განრიგით, მესტიის მიმართულებით რეისები ნატახტარიდან და პირიქით, კვირაში ოთხჯერ: ორშაბათს, სამშაბათს, პარასკევსა და კვირას სრულდება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კი, მესტიის მიმართულებით და პირიქით ფრენები ნოემბერში კვირაში ორჯერ: სამშაბათსა და პარასკევს სრულდება. ნატახტარი-მესტიის ერთი გზის ღირებულება ზრდასრულებისთვის 90 ლარია, 3-დან 12 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის – 63 ლარი, ხოლო 3 წლამდე ჩვილებისთვის მგზავრობა უფასოა.

რაც შეეხება ქუთაისი-მესტიის მიმართულებით ბილეთის ფასს, ზრდასრულებისთვის ის 50 ლარია, 3-დან 12 წლამდე მოზარდებისთვის 35 ლარი, ხოლო 3 წლამდე ჩვილებისთვის მგზავრობა უფასოა.