საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე კონკურსი გამოაცხადა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე კონკურსი გამოაცხადა

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის ახალი ტერმინალის სრული საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით კონკურსი გამოცხადდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება იწვევს ყველა დაინტერესებულ კონკურსანტს, რომელსაც პროექტირების სფეროში ბოლო ოთხწლიანი გამოცდილება აქვს. ამასთანავე, პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს მომზადებული 2000 მ2 მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის, მინიმუმ, ერთი არქიტექტურული საპროექტო დოკუმენტაცია. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებს. დაინტერესებულ პირებს წინადადების წარმოსადგენად 45-დღიანი ვადა ეძლევათ. ტექნიკური დავალების თანახმად, ტერმინალის სავარაუდო საერთო ფართი უნდა შეადგენდეს 800 -900 მ2 და გათვლილი უნდა იყოს ერთდროულად 100 მგზავრის მომსახურებაზე. ასევე, დასაპროექტებელია ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც, დაახლოებით, 5000 მ2 ფართზე, სადაც განთავსებული უნდა იყოს 30 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი.

კონკურსის დეტალური პირობების, საუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენისთვის დადგენილი ხარისხის შეფასების კრიტერიუმების ხილვა ყველა დაინტერესებული პირისთვის საჯარო და ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ ვებგვერდზე.

პროექტი უნდა მომზადდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ხუთი თვის ვადაში, რაც მოიცავს ასევე საექსპერტო დასკვნის წარდგენის ვადას.

ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.