ოქსანა კალაშნიკოვა ფინალში დამარცხდა
ოქსანა კალაშნიკოვა ფინალში დამარცხდა

ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ ტაივანის ღია პირველობის მოგება ვერ შეძლო. მან იაპონელ ნოა ჰიბინოსთან ერთად წყვილთა ტურნირის ფინალი წააგო ჩინურ დუეტთან ინინგ დუანისა და იაფან ვანგის შემადგენლობით – 6:7(4), 6:7(5).

კალაშნიკოვამ და ჰიბინომ ფინალამდე სამი მატჩი ისე მოიგეს, რომ ერთი სეტიც არ დაუთმეს მეტოქეებს, ხოლო თითოეულ პარტიაში ორზე მეტი გეიმი არ წაუგიათ.

ისე ჩანდა, რომ ქართულ-იაპონურ დუეტს ვერც ჩინელები დაუდგებოდნენ წინ. ფინალის პირველი სეტის სტარტი კალაშნიკოვასა და ჰიბინოს შთამბეჭდავი გამოუვიდათ – 5:2 დაწინაურდნენ. მაგრამ, ამის შემდეგ, გაუგებარი რამ მოხდა – მათ სამჯერ ვერ შეძლეს სეტზე ჩაწოდება. ჩინელებმა ზედიზედ სამი გეიმი აიღეს (აქედან ორი ბრეიკი იყო) და ანგარიში გაათანაბრეს. 5:5-ზე კალაშნიკოვამ და მისმა მეწყვილემ კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულეს და მესამედ აწვდიდნენ პარტიაზე, მაგრამ ანგარიში ისევ გათანაბრდა. ტაი-ბრეიკზე კი ვანგი და დუანი მუდმივად წინ იყვნენ, სამი მინი-ბრეიკი შეასრულეს და 7:4 მოიგეს.

პირველი სეტის 12 გეიმში რვა ბრეიკი დაფიქსირდა. პარტიის მეორე ნაწილში კალაშნიკოვამ და ჰიბინომ ზედიზედ სამჯერ დათმეს საკუთარი მოწოდება და ამას მეოთხეც მიაყოლეს მეორე სეტის სტარტზე, რითაც მეტოქეს უპირატესობა მისცეს. მეორე პარტია პირველს გავდა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ წინ მუდმივად ჩინელები იყვნენ, მაგრამ ორჯერ ვერ ჩააწოდეს მატჩზე. საქმე ისევ ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ვანგი და დუანი უფრო სტაბილურები იყვნენ და საბოლოო გამარჯვება მოიპოვეს.