საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ოქსანა კალაშნიკოვას განცხადებას ეხმაურება #1TVSPORT
საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ოქსანა კალაშნიკოვას განცხადებას ეხმაურება #1TVSPORT

ოქსანა კალაშნიკოვამ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველ ჩოგბურთელს ტოკიოს ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება ჰქონდა და მას ეს შესაძლებლობა უყურადღებობის გამო დაუკარგეს. 

ოქსანა კალაშნიკოვას განცხადებას საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია შემდეგი ტექსტით გამოეხმაურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ეხმაურება ქართველი ჩოგბურთელის, ოქსანა კალაშნიკოვას განცხადებას, ტოკიოს ოლიმპიადაზე წყვილთა თანრიგში მის მონაწილეობასთან დაკავშირებული გაუგებრობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან მიიღო ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ლიცენზია ერთეულთა თანრიგში.

მიუხედავად მიღებული ერთი ლიცენზიისა, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს დათქმულ ვადაში მიაწოდა ოლიმპიური ლიცენზიანტების გაფართოებული სია, რის შემდეგაც, საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა, ნიკოლოზ ბასილაშვილის განაცხადთან ერთად, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს წარუდგინა პოტენციური ოლიმპიელების კანდიდატურები.

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, რომლებიც მრავალი წელია აღნიშნულ საქმეს ემსახურებიან და კარგად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. აქედან გამომდინარე, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია იმედს იტოვებს, რომ ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა პირნათლად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, ყველა წესის დაცვით წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი უმოკლეს დროში დაადგენს და ყველა დაინტერესებულ მხარეს აცნობებს, რა მიზეზით ვერ მიიღეს ქართველმა ჩოგბურთელებმა წყვილთა თანრიგში ოლიმპიური ლიცენზიები და რა კრიტერიუმებით მოხვდნენ ტოკიოს ოლიმპიადაზე რეიტინგით ქართველებზე უკან მდგომი ნაკრები გუნდები“.

იაპონია ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებს 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს, რომელშიც საქართველოდან სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.