„ძალა ერთობაშია“ ითხოვს, რომ ქვეყანაში მარიხუანასა და სხვა ნარკოტიკული საშუალებების კულტივირება კონსტიტუციით აიკრძალოს
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის 200 000 ხელმოწერის შეგროვებას იწყებს. შესაბამისი ბლანკები მათ საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღეს გადასცა.
ოპოზიციური პარტიები ითხოვენ, რომ კონსტიტუციით აიკრძალოს ქვეყანაში მარიხუანას და სხვა ნარკოტიკული საშუალებების კულტივირება, წარმოება და გადამუშავება.
„კონსტიტუცია ის დოკუმენტია, რომელმაც უნდა ასახოს საზოგადოებრივი და პოლიტიკური შეთანხმება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხზე. ჩვენ ვხედავთ კანაფის და სხვა ნარკოტიკული საშუალებების კულტივაცია, ამ ბიზნესის წარმოება ერთი ადამიანის ხელში იქნება თავმოყრილი და უგულებელყოფს იმ საზოგადოებრივ დაკვეთას, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით არის. კონსტიტუცია არის გარანტია, რომელიც ამ გიჟური იდეიდან ხელისუფლებს ხელს ააღებინებს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ლევან ბეჟაშვილმა.
ოპოზიციური ერთობის მოთხოვნა ითვალისწინებს, რომ კონსტიტუციის 37-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის პუნქტი: “დაუშვებელია ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორებოს წარმოების მიზნით კანაფის ან სხვა მცენარის კულტივირება, დათესვა-მოყვანა, გადამუშავება,შენახვა-გადაზიდვა, გადაგზავნა და გასაღება.აგრეთვე ასეთი საქმიანობოს ლიცენზირება”.