თბილისის აეროპორტში სამართალდამცველებმა 12 კილოგრამამდე მარიხუანა ამოიღეს, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
თბილისის აეროპორტში სამართალდამცველებმა 12 კილოგრამამდე მარიხუანა ამოიღეს, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე მ.მ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

დაკავებულს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთაში წინასწარ მოწყობილი სამალავიდან 11 კილო და 700 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მ.მ.-მ აღნიშნული ნარკოტიკი საქართველოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან შემოიტანა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273-ე პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვასა და გადაზიდვას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი