საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაცია (OPIC) საქართველოში ინვესტიციის მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს, – მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალ საინვესტიციო პროექტებზე კორპორაციის მმართველმა დირექტორმა, კენეტ ენჯელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაზე ისაუბრა.
OPIC-ი დაინტერესებულია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ფოთის პორტის პროექტებით. გარდა ამისა, კორპორაცია საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელით თბილისში დედათა და ბავშვთა საავადმყოფოს აშენებს, რომლის მმართველი მსხვილი ამერიკული კომპანია იქნება. საავადმყოფოს მშენებლობაში უკვე განხორციელებულია მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფოს მშენებლობა საქართველოსთვის რეგიონული სამედიცინო ჰაბის ფუნქციის შეძენისკენ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
საუბარი ასევე შეეხო OPIC-ის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში, რომელიც საქართველოსა და კორპორაციის პარტნიორობის 20-წლის იუბილესთან დაკავშირებით იგეგმება. შეხვედრისას ხაზი გაესვა OPIC-ის მიერ საქართველოში უკვე განხორციელებულ მნიშვნელოვან ინვესტიციებს და აღინიშნა, რომ კორპორაციას საქართველოში ყველაზე დივერსიფიცირებული პორტფოლიო აქვს, რომელიც პროექტებს 20-მდე მიმართულებით მოიცავს.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.