OPIC-ის პრეზიდენტი საქართველოს წინსვლას საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით მაღალ შეფასებას აძლევს
საქართველოს ეკონომიკა არის გახსნილი ინვესტიციებისთვის, – ამის შესახებ ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრს უცხოური კერძო ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) პრეზიდენტმა რეი უოშბერნმა დღეს გამართულ შეხვედრაზე განუცხადა.
მამუკა ბახტაძემ და რეი უოშბერნმა ისაუბრეს OPIC-ის პროექტების გაფართოებაზე ლოგისტიკის, ვაჭრობის, ტურიზმისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.
OPIC-ის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა იმ წინსვლას, რასაც საქართველომ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით მიაღწია. აღინიშნა ისიც, თუ რა მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს კორპორაციის გრძელვადიან გეგმებში.
რეი უოშბერნის განცხადებით, საქართველო არის რეგიონში საუკეთესო პარტნიორი ქვეყანა, სადაც ქვეყნის მთავრობასთან პარტნიორობით OPIC-ი რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის შექმნას აპირებს.
„საქართველო ყველაზე წარმატებულად მიგვაჩნია, რადგან ეკონომიკა ღია და გახსნილია ბიზნესის კეთებისთვის. ჩვენები პროექტებს ნახულობდნენ. ამჟამად რამდენიმე პორტის თემა განიხილება კაპიტალდაბანდებისთვის. სამაცივრო მეურნეობებშიც გვსურს ინვესტიციების განხორციელება. საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებითაც გვსურს საქმიანობის განვითარება. ამდენად, ძალიან აქტიურნი ვართ. სამომავლო პროექტები განიხილება ამჟამად და ძალიან გვახარებს ქვეყნის მიერ მიღწეული წინსვლა და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები.
ჩვენი პრიორიტეტებია ლოგისტიკა და საქართველოს ვაჭრობისა და პორტების ცენტრად მივიჩნევთ. ეს თემა ჩვენთვის ძალიან აქტუალურია. ლოგისტიკა, ტურიზმი, საქონლის ტრანსპორტირების ცივი ჯაჭვი, სამაცივრე მეურნეობები. მიგვაჩნია, რომ ეს აგრარულ სექტორსაც და ექსპორტსაც წაადგება. ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, რომ გასულ წელს 8 მილიონამდე ტურისტი ჩამოსულა 3.5 მილიონიან ქვეყანაში. ამდენად, დიდი იქნება სასტუმროებზე მოთხოვნა, რასაც ჩვენ უკვე ვაფინანსებთ. ბევრი სასტუმროს მშენებლობა და ფუნქციონირება დაგვიფინანსებია საქართველოში და ამ მიმართულებით საქმიანობის გაზრდას ვაპირებთ” – განაცხადა რეი უოშბერნმა
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა OPIC-ის პრეზიდენტს ჩვენს ქვეყანაში კორპორაციის ნაყოფიერი საქმიანობისა და საქართველოში საინვესტიციო ბიუჯეტის გაზრდისთვის, დამატებითი რესურსების მობილიზებისა და კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელებისთვის, ასევე – OPIC-ის საინვესტიციო გეგმებში საქართველოს პრიორიტეტულობისთვის.
მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს უცხოური კერძო ინვესტიციების კორპორაციის პროექტების ზრდას ქვეყანაში, რადგან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, OPIC-ი არის ამერიკელი ხალხის ინვესტიცია, რაც, თავისთავად, მაღალ სტანდარტს, მაღალ ხარისხსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას უწყობს ხელს.