„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ მონაცემებით, უკრაინულმა ძალებმა ბახმუტთან მნიშვნელოვან ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს, კონტრშეტევის გააქტიურებაზე წერს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროც
„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ მონაცემებით, უკრაინულმა ძალებმა ქალაქ ბახმუტთან მნიშვნელოვან ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს.
როგორც ამერიკული ორგანიზაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, გეოლოკაციური მონაცემები აჩვენებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვნად წაიწიეს წინ ბახმუტის ჩრდილოეთით და სამხრეთით მდებარე სოფლებში, დაიბრუნეს კონტროლი დაკარგულ პოზიციებზე.
„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ წარმომადგენელთა განცხადებით, უკრაინელები აგრძელებენ სამხედრო ოპერაციებს ფრონტის ხაზის კიდევ სამ სხვა სექტორშიც. მათ შორის ზაპოროჟიეს ოლქში, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქების ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ.
ქალაქ ბახმუტთან ბრძოლების გააქტიურების შესახებ წერს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროც. ლონდონში აცხადებენ, რომ უკრაინელები ამ ქალაქის მიმართულებით კონტრშეტევას აგრძელებენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და სხვა რუსული წყაროები აცხადებენ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა შეტევა განახორციელეს კრემინას მიმართულებით, ხარკოვისა და ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვართან.