„ომიკრონის“ გავრცელების შემდეგ, მსოფლიოში ვირუსის 130 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ნახევარ მილიონამდე ადამიანი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კორონავირუსის „ომიკრონ“-ვარიანტის გავრცელების შემდეგ, მსოფლიოში ვირუსის 130 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი და თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, რაც ტრაგიკული მაჩვენებელია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინციდენტების მართვის ჯგუფის ხელმძღვანელ აბდი მაჰამუდის თქმით, ვაქცინის არსებობის ეპოქაში ვირუსით ნახევარი მილიონი ადამიანის გარდაცვალება საგანგაშო და შემაშფოთებელია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსზე რეაგირების ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში „ომიკრონის“ გავრცელების პიკს ჯერ კიდევ არ გადაუვლია.
„ჩვენ ჯერ კიდევ პანდემიის შუაში ვართ. იმედი მაქვს, რომ დასასრულისკენ მივდივართ, თუმცა ბევრ ქვეყანას „ომიკრონის“ პიკი ჯერ კიდევ არ გადაუვლია“, – განაცხადა მარია ვან კერხოვემ.