ოლიკო შერმადინი - არ არის გამორიცხული, იუსტიციის საბჭოს სხდომების დახურვის ინიციატივას მხარი დაუჭირონ
ოლიკო შერმადინი - არ არის გამორიცხული, იუსტიციის საბჭოს სხდომების დახურვის ინიციატივას მხარი დაუჭირონ

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ იურისტი ოლიკო შერმადინი არ გამორიცხავს, რომ საბჭოს მოსამართლე წევრ სერგო მეთოფიშვილის ინიციატივამ, საბჭოს სხდომების დახურვასთან დაკავშირებით, მხარდაჭერა მოიპოვოს.

მისი შეფასებით, როგორც წესი, საბჭოს 8 მოსამართლე წევრი და პარლამენტის კვოტით დანიშნული არამოსამართლე წევრები ერთ პოზიციაზე არიან. სწორედ ამ არგუმენტით, ოლიკო შერმადინი არ გამორიცხავს, რომ მეთოფიშვილის წინადადებამ საჭირო ხმები, ანუ მინიმუმ 10 ხმა მოაგროვოს.

„არ არის გამორიცხული, მეთოფიშვილის ინიციატივას მხარი დაუჭირონ სხვა მოსამართლე წევრებმა და რამდენიმე არამოსამართლე წევრმაც, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ როგორც წესი, მოსამართლე წევრები მუდმივად არიან ერთ აზრზე და ერთხმად უჭერენ ყველა გადაწყვეტილებას მხარს. ასევე ვიცით, რომ მათ გადაწყვეტილებებს რამდენიმე არამოსამართლე წევრიც უჭერს მხარს, აქედან გამომდინარე არაფერია გამორიცხული”, – განმარტა ოლიკო შერმადინმა.

რაც შეეხება სხდომების დახურვის ინიციატივას, ოლიკო შერმადინს მიაჩნია, რომ ეს ინიციატივა კანონსაწინააღმდეგოა.