ოლაფ შოლცი - ევროპის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება აუცილებელია, თუმცა ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი ნატო-სა და რუსეთს შორის
ოლაფ შოლცი - ევროპის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება აუცილებელია, თუმცა ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი ნატო-სა და რუსეთს შორის

ევროპის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება აუცილებელია, თუმცა ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი ნატო-სა და რუსეთს შორის,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ყურადღება გაამახვილა უკრაინაში მიმდინარე ომზე და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე.

„რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში ამზადებდა შეიარაღებულ ძალებს უკრაინაში ომისთვის და მან შექმნა ახალი ლეტალური შეიარაღება და ახალი სისტემები ყველა დონეზე. რუსეთის ეკონომიკა, უკვე მრავალი წელია, ომის რეჟიმში მუშაობს. საკუთარი მიზნების მისაღწევად პუტინმა სრულად დაიქვემდებარა ეკონომიკა, განათლება, მეცნიერება და კულტურა რუსეთში. ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლეს, ვინც რუსეთში აქტიურად მუშაობს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, საფრთხე ემუქრება. ეს აჩვენა რუსეთის ციხეში ალექსეი ნავალნის სიკვდილის შესახებ გავრცელებულმა ცნობამ“, – განაცხადა შოლცმა.

შოლცის თქმით, გერმანიაში აცნობიერებენ, რომ რუსეთის გამარჯვება იქნება არა მხოლოდ თავისუფალი, დემოკრატიული და დამოუკიდებელი უკრაინის არსებობის დასასრული, არამედ ევროპაში მშვიდობის განადგურებაც.

შოლცის განცხადებით, რუსეთის გამარჯვება წაახალისებს სხვა ავტოკრატებს, ძალისმიერი გზით გადაჭრან კონფლიქტები და ასეთ შემთხვევაში დასავლეთს გაცილებით დიდი საფასურის გადახდა მოუწევს, ვიდრე ახლა უკრაინის მხარდაჭერაში ხარჯავს.

„რუსეთიდან მომავალი საფრთხე რეალურია. სწორედ ამიტომ ჩვენი თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობები უნდა იყოს სანდო. ამასთან ერთად, ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი ნატო-სა და რუსეთს შორის. ამ მიზნით, ყველა ქვეყანა, რომელიც ეხმარება უკრაინას, შეთანხმდა, რომ ჩვენ არ გავგზავნით სამხედროებს უკრაინაში, თუმცა ამასთან ერთად პუტინსა და რუსეთის ხელმძღვანელობას არ უნდა შეეპაროთ ეჭვი, რომ ნატო-ს უძლიერეს ალიანსს შეუძლია, დაიცვას მოკავშირეების ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი. ამისთვის კი აუცილებელია ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება ნატო-ს ფარგლებში. მე ალბათ არაფერს ახალს არ ვიტყვი, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გერმანია მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტს დააბანდებს სამხედრო ხარჯებში წელს და ყოველ მომდევო წელსაც, 2020-იან წლებში, 30-იან წლებში და შემდეგ წლებშიც. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი თავდაცვისთვის იმდენი, რამდენიც არასდროს გაგვიკეთებია, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ მზად ვართ მომავლისთვის“, – განაცხადა შოლცმა.

შოლცის თქმით, ევროპის სამხედრო მრეწველობის განვითარებასა და განმტკიცებას გერმანია საფრანგეთთან ერთად აპირებს და ეს მოხდება იმის მიუხედავად, თუ რა შედეგით დასრულდება ომი უკრაინაში და ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტოს არჩევნებში.

„ერთი რამ ცხადია – ევროპელებმა უნდა გავაკეთოთ გაცილებით მეტი ჩვენი უსაფრთხოებისთვის დღეს და მომავალშიც“, – თქვა გერმანიის კანცლერმა.

ამასთან ერთად, შოლცმა ყურადღება გაამახვილა ტრანსატალნტიკური ალიანსის სიმტკიცის შენარჩუნების აუცილებლობაზე.

მისივე განცხადებით, ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის პრინციპის გადახედვა მხოლოდ და მხოლოდ პუტინისა და იმ ძალების წისქვილზე დაასხამს წყალს, რომლებსაც ნატო-ს დასუსტება სურთ.

„ჩვენ ვსაუბრობთ ყველაზე დიდ საფრთხეზე, რომელიც ჩვენს კონტინენტს ემუქრება და ეს არის ომი ევროპაში, რასაც თან მოსდევს შედგები გლობალურად. ამიტომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვიქნებით სანდო და დავეხმარებით უკრაინას, პუტინი გაიგებს, რომ მოსკოვის ნაკარნახევი მშვიდობა არასდროს იქნება, რადგანაც ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა შოლცმა.