ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენელი ევროპარლამენტში რუსულ ფორუმში მონაწილეობს
ბრიუსელში, ევროპარლამენტში გამართულ ფორუმში სახელწოდებით „ევროკავშირი 2017 და რუსეთის რევოლუცია 1917“, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი მონაწილეობს, – ინფორმაციას ოკუპირებული რეგიონის მედიასაშუალება „რეს“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ფორუმზე დასასწრებად მედოევი, ევროპის რუსული ალიანსის თავმჯდომარემ, ტატიანა ჟდანოკმა მიიწვია.
„ფორუმის ფარგლებში განიხილება „თანამედროვე ევროპული პოლიტიკის მწვავე პრობლემები, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის ბედი და ადამიანის უფლებების ევოლუციის საკითხები“- წერს გამოცემა „რეს“.
ფორუმი 3-4 დეკემბერს იმართება და როგორც ოკუპირებული ცხინვალის მედიასაშუალებები იტყობინებიან, დაგეგმილია დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი მედოევის სიტყვით გამოსვლაც.
ფორუმის ორგანიზატორები არიან ევროკავშირში რუსულენოვანი მოსახლეობის ასოციაცია – ევროპის რუსული ალიანსი და რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის კომისია.