„დიმიტრი მედოევის ევროპარლამენტში მიწვევა დიდი შეცდომაა“
„დიმიტრი მედოევის ევროპარლამენტში მიწვევა დიდი შეცდომაა“

ევროპარლამენტის წევრი პეტრას ასტრევიჩიუსი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი მედოევის ბრიუსელში ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ევროპარლამენტში მიწვევა დიდი შეცდომაა.

მისივე თქმით, ფორუმი, რომელსაც მედოევი ესწრება, არ არის ევროპარლამენტის მიერ ორგანიზებული და ასეთი ღონისძიების გამართვა მისთვის მიუღებელია.

„ვფიქრობ, არ უნდა დავკარგოთ დრო რუსეთის 1917 წლის რევოლუციის შეფასებაზე. ათობით კარგი წიგნია ამ თემაზე დაწერილი და რევოლუცია გაანალიზებულიია. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ისეთი ფორუმის გამართვა, რომელიც დღეს ევროპარლამენტში შედგა. ამ ფორუმს არავითარი კავშირი არ აქვს ევროპარლამენტთან. ეს ფორუმი არ იყო ამ ევროპული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ღონისძიება. სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს ნაწილი. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არსებობს და შესაბამისად, არ ვაღიარებთ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს. ვფიქრობ, მათი მოწვევა ევროპარლამენტში არის დიდი შეცდომა. ეს არის პროვოკაცია და მიზნად ისახავს სეპარატიზმის გაღვივებას ევროპაში. ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ასეთი ღონისძიებები კარგად არის ორგანიზებული რუსეთიდან და მკაფიო პოზიცია უნდა დავუპირისპიროთ. ევროპარლამენტში ვხედავთ პროვოკაციულ ღონისძიებებს, მაგრამ ამ ღონისძიებებზე გაკეთებული განცხადებების უკან ევროპარლამენტი არ დგას“, – განაცხადა პეტრას ასტრევიჩიუსმა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი ბრიუსელში, ევროპარლამენტში მიმდინარე ფორუმში  „ევროკავშირი -2017, რუსეთი- 1917: კონფლიქტი დასავლეთსა და რუსეთს შორის“ მონაწილეობს. ბრიუსელში დიმიტრი მედოევი ევროპარლამენტარ ტატიანა ჟდანოკას მიწვევით იმყოფება.