ვლადიმერ კონსტანტინიდი - აბსურდულობიდან გამომდინარე, დიმიტრი მედოევის ინტერვიუ ნაკლებად იმსახურებს ტირაჟირებასა და ყურადღებას
ვლადიმერ კონსტანტინიდი - აბსურდულობიდან გამომდინარე, დიმიტრი მედოევის ინტერვიუ ნაკლებად იმსახურებს ტირაჟირებასა და ყურადღებას

დიმიტრი მედოევის ინტერვიუ მისი აბსურდულობიდან გამომდინარე ნაკლებად იმსახურებს ფართო ტირაჟირებასა და ზედმეტ ყურადღებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა გერმანულ გამოცემა „ნოიეს დოიჩლანდში“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, დიმიტრი მედოევის ინტერვიუთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, გამოცემა გერმანიაში არავითარი განსაკუთრებული ავტორიტეტითა და რეიტინგით არ სარგებლობს.

ამასთან, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, ინტერვიუს ავტორი, ჟურნალისტი დავიდ ნოაკი პრორუსული ჟურნალისტია და ასეთ პუბლიკაციებს პერიოდულად აქვეყნებს.

„პუბლიკაცია თავისი შინაარსით, მისი აბსურდულობიდან გამომდინარე ნაკლებად იმსახურებს ფართო ტირაჟირებასა და ზედმეტ ყურადღებას, მათ შორის ჩვენს მედია სივრცეში. გამოცემა, რომელშიც დაიბეჭდა აღნიშნული განცხადება, გახლავთ დაბალტირაჟიანი გამოცემა გერმანიაში. არავითარი განსაკუთრებული ავტორიტეტითა და რეიტინგით ის არ სარგებლობს. მიუხედავად ამისა, ჩვენმა საელჩომ გერმანიაში დაამყარა კონტაქტი აღნიშნულ გამოცემასთან, მიაწოდა შესაბამისი განმარტებები, მათ შორის ცხინვალში არსებულ ვითარებაზე და ზოგადად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, განუმარტა მათ ცხინვალის რეგიონის სამართლებრივი სტატუსი.

რაც შეეხება ჟურნალისტ დავიდ ნოაკს, პრორუსული ჟურნალისტი გახლავთ. პერიოდულად აქვეყნებს ასეთ პუბლიკაციებს. აშკარა სიმპათიებს გამოხატავს რუსეთის მიმართ და ცდილობს, გაამართლოს მისი აგრესია და ე.წ. გავლენა პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე. 2012 წლიდან მას აქვს ორგანიზაცია „რუსი ხალხების ბერლინელი მეგობრები“. აქედან გამომდინარე, ალბათ ადვილი წარმოსადგენია, რა გამოცემასთან გვაქვს საქმე. როგორც გითხარით, თვითონ მედოევის განცხადებების შინაარსზე მისი აბსურდულობიდან გამომდინარე სერიოზული კომენტარის გაკეთება საკმაოდ რთულია“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

გერმანიაში საქართველოს საელჩომ „ნოიეს დოიჩლანდში“ გამოქვეყნებული ინტერვიუს შესახებ დღეს განცხადება გაავრცელა.