ოკუპირებული აფხაზეთი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ ეხმაურება
ოკუპირებული აფხაზეთი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ ეხმაურება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ ეხმაურება. სეპარატისტული რეჟიმი საქართველოს მთავრობის ქმედებებს პროვოკაციულად აფასებს და აცხადებს, რომ აღნიშნულმა ზომებმა შესაძლოა, ჟენევის დისკუსიებს საფრთხე შეუქმნას.

„შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით, აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მთავრობის, კერძოდ, პირადად პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის უკიდურესად დესტრუქციული ქმედებების გამო, რომლებიც პროვოკაციული ხასიათისაა და შეუძლიათ, მთლიანად გაანადგურონ სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების დარეგულირებისკენ მიმართული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მუშაობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება კვლავ აჩვენებს აფხაზების მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის აგრესიულ ხასიათს.

„ფაქტობრივად, ქართულმა მხარემ ყოველგვარი ობიექტური საფუძვლის გარეშე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს დაუსწრებლად წაუყენა ბრალდებები ადამიანის უფლებების დარღვევებში და ისინი „შავ სიაში“ შეიყვანა, რომელიც საერთაშორისო დონეზე პერსონალური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს“, – ნათქვამია სეპარატისტული რეჟიმის განცხადებაში.

ოკუპირებული აფხაზეთი სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების დარეგულირების ერთადერთი საერთაშორისო ფორმატის შესაძლო განადგურებაზე მთელ პასუხისმგებლობას საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს აკისრებს.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სამინისტრო აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხს გალში ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ.

„ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში“ 33 პირია შეყვანილი.