ოკუპირებულ ცხინვალში დე ფაქტო პარლამენტი ე.წ. გენერალური პროკურორის გადაყენების საკითხს განიხილავს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტი მეორე საგანგებო სესიას მართავს, სადაც ცხინვალში გუშინ განვითარებულ მოვლენებსა და ე.წ. გენერალური პროკურორის გადაყენების საკითხს განიხილავენ.
აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც წინასწარი დაკავების იზოლატორში პატიმარი გარდაიცვალა, რომელიც დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრზე თავდასხმის ბრალდებით იყო დაკავებული.
პატიმრის გარდაცვალების გამო ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გუშინ საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მოსახლეობა მთავრობის გადადგომას მოითხოვდა.
დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ჯერ ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ ნანიევი გაათავისუფლა თანამდებობიდან, შემდეგ გადადგომის შესახებ პრემიერ-მინისტრის განცხადება დააკმაყოფილა, მოგვიანებით კი, მთავრობა დაითხოვა.
საპროტესტო აქცია ცხინვალში დილამდე გაგრძელდა. აქციის მონაწილეები გენერალური პროკურორის გადადგომასაც მოითხოვენ.
ინალ ჯაბიევი იზოლატორიდან უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. ის საავადმყოფოში, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.