ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში მამაკაცი გარდაიცვალა, რის გამოც ე.წ. შს მინისტრი გადააყენეს
ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში მამაკაცი გარდაიცვალა, რის გამოც ე.წ. შს მინისტრი გადააყენეს

ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ინალ ჯაბიევი გარდაიცვალა, რომელიც დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრზე, იგორ ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით იყო დაკავებული.

ე.წ. პროკურატურის განცხადებიდან ირკვევა, რომ პატიმარი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში, სხეულზე დაზიანებებით შეიყვანეს, სადაც გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მომხდარზე ე.წ. პროკურატურამ უფლებამოსილების გადამეტების მუხლით გამოძიება დაიწყო.

იზოლატორში მამაკაცის გარდაცვალების გამო, ოკუპირებულ ცხინვალში აქცია გაიმართა.

მომხდართან დაკავშირებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ ნანიევის თანამდებობიდან გადაყენების განკარგულებას მოაწერა ხელი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ ბიბილოვმა აქციაზე შეკრებილებს პირადად განუცხადა.

საქმესთან დაკავშირებით ე.წ. პარლამენტში საგანგებო სესია მიმდინარეობს, სადაც დე ფაქტო მთავრობის გადაყენების საკითხს განიხილავენ.