ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. პრეზიდენტმა დე ფაქტო მთავრობა დაითხოვა
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. პრეზიდენტმა დე ფაქტო მთავრობა დაითხოვა

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა დე ფაქტო მთავრობა დაითხოვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

როგორც ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ალან ტადტაევმა განაცხადა, ანატოლი ბიბილოვმა ამით სცადა იმ დაძაბულობის შემცირება, რომელიც ცხინვალის იზოლატორში ინალ ჯაბიევის გარდაცვალებას მოყვა.

ამასთან, ე.წ. დეპუტატმა დააყენეს ე.წ. გენერალური პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხიც.

იქამდე, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ერიკ პუხაევი გადადგა თანამდებობიდან. პუხაევის გადაწყვეტილებაც უკავშირდება ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე მოქალაქეების საპროტესტო აქციას, რომელზეც დღეს წინასწარი დაკავების იზოლატორში ინალ ჯაბიევის გარდაცვალება გააპროტესტეს და ხელისუფლების გადადგომა მოითხოვეს.

დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა აქციის მინაწილეებს განუცხადა, რომ ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ ნანიევი გადააყენა. სწორედ იგორ ნანიევის სახელს უკავშირდება გარდაცვლილი ინალ ჯაბიევის საქმე, ის ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით იყო დაკავებული.

ინალ ჯაბიევი იზოლატორიდან უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. ის საავადმყოფოში, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ცხინვალის ცენტრში ხალხმრავალი აქცია გაიმართა.