ოკეანის უდიდესი დინება შეიძლება ახლოს იყოს გამანადგურებელ, გარდამტეხ წერტილთან — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
12:39, 25.02.2021
ზღვის დინებები, რომლებსაც ატლანტიკის მერიდიანული ბრუნვის ცირკულაციას (AMOC) უწოდებენ, სასიცოცხლოდ გადამწყვეტია ტროპიკებიდან სითბოს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გადასატანად. თუმცა, ახალი კვლევა მიუთითებს, რომ კლიმატის ცვლილებამ ეს დინებები შეიძლება იმაზე მალე მოშალოს, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობთ.
ამას კი ღრმა, პლანეტაზე ფართომასშტაბიანი გავლენა ექნება ამინდის მახასიათებლების თვალსაზრისით, გადააყირავებს სოფლის მეურნეობის პრაქტიკას, ბიომრავალფეროვნებას და ეკონომიკურ სტაბილურობას მსოფლიოს იმ საკმაოდ დიდ ზონებზე, რომლებზეც ატლანტიკის მერიდიანული ბრუნვის ცირკულაციას აქვს გავლენა.
პრობლემას წარმოადგენს ის მაჩვენებელი, რომლითაც დედამიწა თბება და არქტიკაში ყინული დნება: მკვლევართა ახალი მოდელების მიხედვით, ტემპერატურის მატების სიჩქარე წარმოადგენს რისკს, რომ ატლანტიკის მერიდიანული ბრუნვის ცირკულაციამ მიაღწიოს გარდამტეხ წერტილს, რომლის იქითაც ის გაქრება.
„შემაშფოთებელი ამბავია, რადგან თუ მართლაც ასეა, შემცირდება ჩვენი უსაფრთხოდ მოქმედების სივრცე“, — ამბობს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ფიზიკოსი იოჰანეს ლოჰმენი.
ლოჰმანმა და მისმა კოლეგა პიტერ დიტლევსენმა ოკეანის კლიმატის ცვლილების ამჟამინდელი მოდელი გარდაქმნეს, რათა შეესწავლათ ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში სულ უფრო დიდი ოდენობით მტკნარი წყლის შედინების შედეგები. შედინების მიზეზი გრენლანდიის ყინულოვანი საფარის სწრაფი დნობაა.
მოდელმა აჩვენა, რომ მტკნარი წყლის ცვლილების სწრაფმა მაჩვენებელმა ატლანტიკის მერიდიანული ბრუნვის ცირკულაცია შეიძლება უფრო მალე მოშალოს. მაჩვენებლით სტიმულირებულ ასეთ სცენარში, ეს გახლავთ მაჩვენებელი, რომელზეც ცვლილება ხდება და არა რაიმე კონკრეტული ზღვარი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია; და კიდევ — როდესაც გარდამტეხი წერტილი დადგება, უკან დაბრუნების გზა აღარ არსებობს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რა სიჩქარითაც ჩვენ სათბურის აირებს გამოვყოფთ და გრენლანდიაში ყინული დნება, მოქმედების ძალიან ცოტა სივრცე რჩება იმ კლიმატური სისტემების დასაცავად, რომლებიც ამინდის გლობალურ მახასიათებლებს ნორმაში ინარჩუნებს. მკვლევართა განცხადებით, ამავე პრობლემამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას კლიმატის სხვა ქვესისტემებს მთელ მსოფლიოში.
„ეს გარდამტეხი წერტილები წარსულშიც ვიხილეთ კლიმატის მოდელებში, რომლებშიც ნადნობი წყალი ძალიან ნელა შედის ოკეანეში. სინამდვილეში, გრენლადნიიდან გამომავალი ნადნობი წყლის ოდენობა სულ უფრო იზრდება და ის ნელად არ შეიძლება მივიჩნიოთ“, — ამბობს ლოჰმენი.
ატლანტიკის მერიდიანული ბრუნვის ცირკულაციას (AMOC) მოქმედებს ზღვის წყლის გიგანტური კონვეიერის სარტყელივით და ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ხელახლა ანაწილებს წყალს, სითბოს, წყლის ტემპერატურას, მარილიანობას და ფარდობითი წონის რყევებს. სწორედ მისი დამსახურებით არის ევროპის ზამთარი შედარებით რბილი მაღალ განედებზეც კი.
მართალია, დაზუსტებით ცნობილი არ არის, როდის დაუდგება AMOC-ს გარდამტეხი წერტილი, მაგრამ ვიცით, რომ ბოლო წლებში ეს დინებები შენელდა და როგორც ეს ახალი კვლევა მიუთითებს, რაც უფრო ჩქარდება კლიმატის ცვლილება, ეს დინებები უფრო დიდი რისკის ქვეშ ექცევა. მეცნიერთა აზრით, გრენლანდიიდან ცივი მტკნარი წყლის შედინება სავარაუდოდ შეაჩერებს თბილი წყლის ჩრდილოეთში გავრცელებას.
კლიმატის ცვლილების მოდელირება წარმოუდგენლად რთულია. გასათვალისწინებელია ძალიან ბევრი ფაქტორი და როგორც თავად ლოჰმანი და დიტლევსენი აღიარებენ, უფრო მეტი კვლევაა საჭირო მათ მიერ შემოთავაზებული სცენარის ზუსტი დეტალების გასარკვევად.
თუმცა, ისინი იმედოვნებენ, რომ ეს ყველაფერი კიდევ ერთი შემახსენებელი იქნება იმისა, რამდენად სასწრაფო მოქმედებაა საჭირო კლიმატის კრიზისის წინააღმდეგ — სათბურის აირების გამოყოფის შესამცირებლად ჩვენი სამიზნეები უნდა იყოს რაც შეიძლება ამბიციური; შეცდომის უფლება კი უბრალოდ არ გვაქვს.
„კომპლექსური სისტემების ქაოსური დინამიკის გამო, არ არსებობს პარამეტრების ცვლილების კარგად განსაზღვრული კრიტიკული მაჩვენებელი, რაც სასტიკად ზღუდავს თვისობრივი გრძელვადიანი ქცევის პროგნოზირებადობას. ჩვენ მიერ მიღებული შედეგები გვიჩვენებს, რომ დედამიწის ელემენტების უსაფრთხოდ ოპერირების სივრცე სამომავლო გამონაბოლქვთან მიმართებაში, იმაზე მცირეა, ვიდრე აქამდე გვეგონა“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.