ობიექტებს, სადაც ყველა თანამშრომელსა და სტუმარს „მწვანე“ სტატუსი აქვს, საახალწლო ღონისძიებების გამართვის უფლება მიეცა
ობიექტებს, სადაც ყველა თანამშრომელსა და სტუმარს „მწვანე“ სტატუსი აქვს, საახალწლო ღონისძიებების გამართვის უფლება მიეცა

2021 წლის 31 დეკემბრიდან 2022 წლის 15 იანვრამდე პერიოდში, სასტუმროებსა და რესტორნებს საახალწლო ღონისძიებების გამართვის უფლება ეძლევათ. თუმცა ეს შეეხება მხოლოდ იმ დაწესებულებებს, რომლის ყველა თანამშრომელსა და სტუმარს „მწვანე“ სტატუსი აქვს.

აღნიშნულს „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში შეტანილი ცვლილება ითვალისწინებს.

საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილების თანახმად, რომლითაც ეს ცვლილებები ძალაში შედის, აღნიშნულია: „საახალწლო ღონისძიების გამართვა 2021 წლის 31 დეკემბრიდან 2022 წლის 15 იანვრამდე დასაშვებია მხოლოდ იმ სასტუმროებში, განთავსების მსგავს საშუალებებსა და კვების ობიექტებზე, რომელთა ყველა თანამშრომელსა და სტუმარს აქვს „მწვანე“ სტატუსი. ამასთან, აღნიშნული ღონისძიებების გამართვა სასტუმროებს, განთავსების მსგავს საშუალებებსა და კვების ობიექტებს შეუძლიათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, „კოვიდ-19“-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ამოქმედებული რეგულაციების დაცვით“.

ესაა პირველი პრეცედენტი, როდესაც დაწესებულება, თანამშრომლების მწვანე სტატუსის არსებობის შემთხვევაში, მოქმედი შეზღუდვებისგან თავისუფლდება.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში „მწვანე პასპორტი“ პირველი დეკემბრიდან მოქმედებს და ის მხოლოდ მომხმარებლებზე ვრცელდება. მანამდე, შრომის ინსპექციამ გამოთქვა ინიციატივა, რომ „მწვანე სტატუსის“ მქონე დაწესებულებას ანუ ბიზნესობიექტს, რომლის თანამშრომელთა უმეტესობა აცრილია, გარკვეული რეგულაციები, მათ შორის სოციალური ღონისძიებების აკრძალვა მოეხსნას.