ეკატერინე ტიკარაძე - არ გამოვრიცხავ, მნიშვნელოვნად გამკაცრდეს ყველა ღონისძიება, რომელიც შეეხება მწვანე პასპორტს და აღსრულების სხვა მექანიზმებს
ეკატერინე ტიკარაძე - არ გამოვრიცხავ, მნიშვნელოვნად გამკაცრდეს ყველა ღონისძიება, რომელიც შეეხება მწვანე პასპორტს და აღსრულების სხვა მექანიზმებს

არ გამოვრიცხავ, მნიშვნელოვნად გამკაცრდეს ყველა ღონისძიება, რომელიც შეეხება მწვანე პასპორტს და აღსრულების სხვა მექანიზმებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, საქართველოც ზრუნავს იმაზე, რომ ახალი შტამისთვის მზადყოფნა გამოაცხადოს და დამატებითი პრევენციული ღონისძიებები გაატაროს. გუშინ შეიკრიბა „კოვიდ“-საბჭო, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში მოქმედებს. ჩვენი პროფესიონალები და ექსპერტები მოამზადებენ გარკვეულ დასკვნას, რომელსაც ჩვენ სამშაბათს საბჭოზე წარვადგენთ, მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს და არ გამოვრიცხავ, რომ მნიშვნელოვნად გამკაცრდეს ყველა ღონისძიება, რომელიც შეეხება მწვანე პასპორტს და ასევე, აღსრულების სხვა მექანიზმებს. შეიძლება, „კოვიდ“-გადატანილებისთვის მწვანე პასპორტის მოქმედების ვადაც გადაიხედოს. სამეცნიერო პრაქტიკაში ჩვენ გარკვეულ რისკ-ფაქტორებს ვხედავთ, რომ ეს უვადო იყოს. საბჭოზე წარვადგენთ ამ რისკ-ფაქტორებს და მათი გათვალისწინების შემთხვევაში, იმედს ვიტოვებთ, ეს დამატებითი რეკომენდაციები საბჭოს მხრიდან გათვალისწინებული იქნება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეიცვლება თუ არა მიდგომები და გამკაცრდება თუ არა რეგულაციები ახალი შტამის დაფიქსირების შემთხვევაში, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ახალი შტამის დაფიქსირების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან კონტროლი და რეკომენდაციები მნიშვნელოვნად გამკაცრდება.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა უახლოეს მომავალში გაფართოვდეს იმ ობიექტებისა და სივრცეების ჩამონათვალი, სადაც მწვანე პასპორტის წარდგენა სავალდებულო იქნება, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ვინაიდან საქართველოში ახალი შტამი დაფიქსირებული არ არის, ამ გადაწყვეტილების სამშაბათს მიღება სწორი არ იქნება.

„ამ ეტაპზე, ვინაიდან საქართველოში ახალი შტამი დაფიქსირებული არ არის, არ მგონია, რომ სწორი იყოს ამ გადაწყვეტილების სამშაბათს მიღება. ეს არის ერთი პასუხი. გარდა ამისა, შემთხვევითი არ არის იმ დაწესებულებების ნუსხა, სადაც „კოვიდ“-საშვი მოქმედებს. მნიშვნელოვანია, ეტაპობრივად დავაკვირდეთ „კოვიდ“-საშვის რეგულაციებს, მისი მოქმედების მექანიზმს დავაკვირდეთ, აღსრულების მექანიზმი გავაკონტროლოთ და შემდეგ უკვე, ეს ეტაპობრივად გადავიტანოთ სხვა სექტორებზე. რაც შეეხება ტრანსპორტს, გეთანხმებით, რომ ტრანსპორტი შეიცავს გარკვეულ რისკ-ფაქტორებს, თუმცა ასევე აღსანიშნავია, რომ არ შეიძლება, რეგულაცია დაწესდეს მხოლოდ რეგულაციისთვის. მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეული რეგულაცია აღსრულებადი იყოს. ტრანსპორტის შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პრობლემებს, რომ ეს იქნება მხოლოდ ფიქტიური რეგულაცია. ამისთვის, ჩვენ ინტენსიურად გავდივართ კონსულტაციებს, თუ როგორ შეიძლება, ტრანსპორტში ამოქმედებული მწვანე საშვი იყოს უფრო მეტად აღსრულებადი და კონტროლირებადი. ჩვენ მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით, რა სახის რეკომენდაციებს გავცემთ და როგორი იქნება შემდგომში რეგულაციები ტრანსპორტთან მიმართებაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.