თამარ გაბუნია - „მწვანე პასპორტის“ ტექნიკური საფუძველი გარკვეულწილად „ომიკრონთან“ დაკავშირებული ფაქტორების გათვალისწინებით შესუსტდა
თამარ გაბუნია - „მწვანე პასპორტის“ ტექნიკური საფუძველი გარკვეულწილად „ომიკრონთან“ დაკავშირებული ფაქტორების გათვალისწინებით შესუსტდა

„მწვანე პასპორტის“ ტექნიკური საფუძველი გარკვეულწილად „ომიკრონთან“ დაკავშირებული ფაქტორების გათვალისწინებით შესუსტდა. დღევანელი სიტუაციიდან გამომდინარე ჩაითვალა, რომ „მწვანე პასპორტის“ სავალდებულო მოთხოვნა მოიხსნას, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „მწვანე პასპორტის“ გაუქმება არ ნიშნავს, რომ ეპიდემიოლოგების მიერ დაწესებული აუცილებელი რეკომენდაციები არ უნდა იქნას გათვალისწინებული და ვაქცინაციის კამპანია შესუსტდეს.

როგორც თამარ გაბუნია ამბობს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კვლავაც მნიშვნელოვანია.

„მწვანე პასპორტის“ ტექნიკური საფუძველი გარკვეულწილად „ომიკრონთან“ დაკავშირებული ფაქტორების გათვალისწინებით შესუსტდა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინფექციის გადატანის სტატუსზე, რეინფიცირება მაღალია „ომიკრონის“ პირობებში. ამდენად, ეს არ იცავს და არ არის გარანტია, რომ პირი იქნება უსაფრთხო, როდესაც ის შევა რომელიმე ბიზნესგარემოში.

ვაქცინაციაც იცით, რომ არის გარკვეულწილად დაცვა, მაგრამ არ არის სრული დაცვა ინფიცირებისგან, უფრო მეტად დაცვა არის ჰოსპიტალიზაციისა და გართულებების კუთხით. „ომიკრონის“ შემთხვევაში ესეც არის მნიშვნელოვანი.

ამდენად, ყველაზე ძლიერი ფაქტორი აქ გამოდის ყოველდღიურად „პისიარ“ ტესტირება, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. რეალურად რომ ვთქვათ, პირი არის ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო, თუ აქვს ახალჩატარებული ტესტი. ეს შეიძლება იყოს „პისიარ“ ტესტი და რაღაც შემთხვევებშიც ანტიგენტესტი. ამდენად, ამ ტექნიკური ფაქტორების გათვალისწინებით, დღევანელი სიტუაციიდან გამომდინარე ჩაითვალა, რომ „მწვანე პასპორტის“ სავალდებულო მოთხოვნა მოიხსნას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რეგულაციები, რომლებიც დაწესებულია ან რამენაირად ვაქცინაციის კამპანია უნდა შესუსტდეს. ვაქცინა იყო და რჩება ერთ-ერთი მთავარ დაცვის საშუალებად, ასევე ბუსტერ დოზა. ბევრმა ქვეყანამ ამ პირობებში შეცვალა „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ და დაამატა, რომ იმ ფორმით, როგორი სახითაც ქვეყანაში „მწვანე პასპორტი“ მოქმედებდა, უსაფრთხოების სრულ გარანტიებს აღარ ქმნის.

„იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენ „მწვანე პასპორტი“ გვაქვს, არ ქმნის სრულ გარანტიას უსაფრთხოების კუთხით“, – განაცხადა გაბუნიამ.

საკითხზე საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ „მწვანე პასპორტს“ ვაქცინაციის წახალისების მიზანიც ჰქონდა, რამაც თავის დროზე შედეგი გამოიღო.

„მწვანე პასპორტს“ ასევე ჰქონდა ვაქცინაციის წახალისების მიზანი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ სტიმულირება, რომელიც ხანდაზმულებში უკავშირდება წახალისების მექანიზმს და ახალგაზრდებში – „მწვანე პასპორტის“ ეფექტს. დღეს ეს ეფექტი ნაკლებად აღინიშნება. გამომდინარე აქედან, სავალდებულო მწვანე პასპორტი იხსნება, თუმცა რა თქმა უნდა, ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად გაგრძელდება. დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ ის ეფექტური მექანიზმები ვაქცინაციის პროგრამის წახალისებისთვის, რომელიც მუშაობს რეალურად და ეს არის ფინანსური სტიმულირება. მწვანე საშვმა შეასრულა ის ფუნქცია, რაც შეეძლო, რომ შეესრულებინა ვაქცინაციის სტიმულირების კუთხით“, – განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოში „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება.