საქართველოში „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება
საქართველოში „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება

„ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება, – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ ამ მექანიზმით სარგებლობას. ამასთან, ინფიცირების მზარდი რაოდენობის მიუხედავად, ვითარება სრულად მართვადია, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა მნიშვნელოვნად არ იზრდება, პაციენტების დიდი უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებენ ოჯახის ექიმები, რომელთა რაოდენობა ბოლო დღეებში კიდევ უფრო გაიზარდა.

ამავე ინფორმაციით, საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ვაქცინაციის მნიშვნელობას ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ რისკჯგუფების ვაქცინაცია, რათა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დამძიმდეს. რისკჯგუფებში ვაქცინაციის წახალისების მიზნით, როგორც ცნობილია, თებერვლის განმავლობაშიც გრძელდება კამპანია და 50 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები ვაქცინის პირველი დოზით აცრის შემთხვევაში 200 ლარს მიიღებენ, ხოლო ე.წ ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში, ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირებს 100 ლარი ჩაერიცხებათ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი აარიდონ ხალხმრავალ შეკრებებს, ხოლო ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დარჩნენ სახლში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 1 200 124 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1 020 510 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 15 016 ადამიანი. ამ ეტაპზე კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება 2 031 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 5 454 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

დატოვე კომენტარი