ნუკრი ქანთარია - გულდასაწყვეტია, ახალგაზრდას რვა წელს რომ უსჯიან, თუმცა აღმაშფოთებელია სასამართლოზე იერიშიც
ნუკრი ქანთარია - გულდასაწყვეტია, ახალგაზრდას რვა წელს რომ უსჯიან, თუმცა აღმაშფოთებელია სასამართლოზე იერიშიც

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, გულდასაწყვეტია, როცა ახალგაზრდა ადამიანს რვა წელს მიუსჯიან, მაგრამ შემდგომი ინსტანციები არსებობს და მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გასაჩივრდება.

როგორც პირველ არხს ქანთარიამ განუცხადა, აღმაშფოთებელია ის ფაქტიც, როდესაც გულშემატკივრების გარკვეული წრე სასამართლოზე იერიშს მიიტანს, ფანჯრების ჩამსხვრევასა და შეურაცხყოფის მიყენებას შეეცდება.

„ეს აუცილებლად დასჯადი უნდა იყოს. რაც შეეხება იმას, ნარკოტიკი „ჩაუდეს“ თუ არა, კარგად ვხედავთ, რომ ზოგიერთებისთვის ეს ერთგვარ სტიმულატორად იქცა, რადგან ყველა ამბობს, რომ „ჩაუდეს“.

საზოგადოებისთვის ძნელია გაიგოს, ნარკოტიკები მართლა ვის „ჩაუდეს“, მართლა ვის ჰქონდა. ჩადების პროცესი საერთოდ რომ მოისპოს, მექანიზმია საჭირო. სპორტში მიდგომა შემოვიდა და იმის თაობაზე ჯარიმა იყო თუ პენალტი კადრები არსებობს, რომელსაც აანალიზებენ. ვალდებულება უნდა იყოს, რომ ნებისმიერი ჩხრეკა გადაღებული იყოს და როცა ვიღაცის მიერ რაღაც ეჭვქვეშ დადგება, ის სასამართლოზე უნდა წარდგეს. არ ვამბობ, რომ ეს ჩანაწერები სოციალურ ქსელში უნდა იყოს განთავსებული, შემდეგ მონტაჟი და ჟონგლირება მოხდეს“, – განაცხადა ქანთარიამ.

დეპუტატის თქმით, თუკი გიორგი გიორგანაშვილს 45 აბი „სუბუტექსი“ ნამდვილად უპოვეს, ასეთ შემთხვევაში, ის მსხვერპლი ვერ იქნება.

„თუ ეს ნამდვილად ასეა, მსხვერპლი ვერ იქნება. ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში ძალიან ფრთხილი პოზიცია უნდა ავირჩიოთ. ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ნარკომანი ავადმყოფია და ამის გამო ციხეში არ უნდა ჩასვა, მაგრამ ამავე დროს, სანამ ის ამ გზაზე დაფიქრდება, მან უნდა იცოდეს, რომ ამ გზაზე ძალიან დიდი დისკომფორტი შეექმნება. თუ ცოტა ნარკოტიკსაც აღმოუჩენენ, ჩხრეკა აუცილებლად უნდა ჩატარდეს, რადგან მას სახლში სხვა მარაგი აქვს. მას მართვის მოწმობა თუ საზღვარგარეთ გადაადგილება უნდა შეეზღუდოს, ბევრი დისკომფორტი უნდა შეექმნას. სანამ ეს ადამიანი ვიღაცის დაპატიჟებას მიიღებს, სერიოზულად უნდა დაფიქსირდეს და მკურნალობის სერვისებიც უნდა იყოს. თუ ადამიანი ავადმყოფია და ჭირიდან ვერ გამოდის, მას დახმარება სჭირდება. მეორე რადიკალური გზაა, ერთ გემზე შეყარო, წაიყვანო და დახვრიტო. ეს გზა ხომ არ გვინდა? ეს ყველაფერი წაქეზებაში არ უნდა წავიდეს და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტი იმ სახეს იღებს, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებას წაადგება“, – განაცხადა ქანთარიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებული გიორგი გიორგანაშვილის („ბახალას“) მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დღეს დაადგინა.