ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით ქვემო ქართლში საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს [ფოტო]
ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით ქვემო ქართლში საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს [ფოტო]

დღეს ნოვრუზ ბაირამია – გაზაფხულის ბუნიობის დღესასწაული. ამ დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავენ ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანელები.

დილიდან მთელი დღის განმავლობაში, მარნეულში გადაკეტილი იქნება ცენტრალური გზა, სადაც გადაადგილება მხოლოდ ფეხით იქნება შესაძლებელი. მოეწყობა ფეხით სეირნობა. დილიდან აქ მოწყობილია ქვემო ქართლის ყველა რეგიონისთვის დამახასიათებელი კუთხეები თავისი ატრიბუტიკით.

მიმდინარეობს გამოფენა-გაყიდვა, აზერბაიჯანული საკრავების, ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა. ყველა კუთხეში შესაძლებელია დამთვალიერებელმა დააგემოვნოს აზერბაიჯანული ჩაი და მრავალფეროვანი ტკბილეული. ქუჩებში გაზაფხულს უმღერიან აშუღები, ეტლით კი გაზაფხულის გოგონა მოძრაობს და მოსულ სტუმრებს ახალი წლის დადგომას ულოცავს.

ნოვრუზი – სპარსული სიტყვაა. მისი ერთი ნაწილი „ნოვ“ – ახალს, ხოლო მეორე – „რუზ“ დღეს ნიშნავს. 21 მარტს დღისა და ღამის გათანასწორების, ჰაერის გათბობის, თოვლის დნობის დაწყების, ხეებზე ყლორტის გამოსვლისა და დედამიწის გამოცოცხლების, ანუ სიცოცხლის დაწყების დღედ მიიჩნევენ და შესაბამისად, ნოვრუზ ბაირამიც გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასწაულია.

ნოვრუზის დღესასწაული, როგორც წესი, სამ დღეს გრძელდება. დღეს კი ამ დღესასწაულის კულმინაციაა.
2010 წელს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა. 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკო-ს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. 2010 წელს ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა.