თეა ახვლედიანმა თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა
თეა ახვლედიანმა თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფებოდა.

თეა ახვლედიანი ქალაქ მარნეულს ნოვრუზ ბაირამის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ესტუმრა და თანამოქალაქეებს დღესასწაული მიულოცა. სახელმწიფო მინისტრი მთავრობის მეთაურთან ერთად ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს დაესწრო და მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე მოწყობილი ეთნოკუთხე და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა დაათვალიერა.

„დღეს მე მომეცა ქალაქ მარნეულში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად სტუმრობის შესაძლებლობა და პატივი, საიდანაც მსურს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვინც დღეს ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავს, მივულოცო გაზაფხულის შემოსვლის ეს ულამაზესი დღესასწაული, რომელიც საქართველოს მრავალფეროვანი და მრავალეთნიკური კულტურის ნაწილიც არის. ჩვენ უკვე მრავალი წელია, ტრადიციად გვექცა ნოვრუზ ბაირამის ერთად აღნიშვნა, რაც წარმოაჩენს საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნოსს შორის არსებულ ურთიერთპატივისცემასა და მეგობრობას, ასევე იმ ფასეულობებს და ტოლერანტულ გარემოს, რაც საქართველოში საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა კულტურათა ურთიერთქმედებით ჩამოყალიბდა. სწორედ დღეს, ამ სიმბოლურ დღესასწაულზე, მსურს, გამოვთქვა მტკიცე რწმენა, რომ ჩვენ აუცილებლად ერთობით და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ კიდევ უფრო განვამტკიცოთ ჩვენს ქვეყანაში ძლიერი საზოგადოება, განვამტკიცოთ მშვიდობა და აუცილებლად მივაღწევთ ერთად ჩვენს მთავარ მიზანს, რომ გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა და დავუბრუნდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახს,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად უხუცესებსაც შეხვდა. მარნეულის ჩაის სახლში გამართულ შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა უხუცესებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა, ასევე ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა.

მარნეულში გამართულ ღონისძიებებს ასევე ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მერი კენან ომაროვი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, დეპუტატები ზაურ დარგალი და სავალან მირზოევი, აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი და კომპანია „სოკარის“ საქართველოს წარმომადგენლობის პრეზიდენტი მახირ მამედოვი.