„ნიუ ჰოსპიტალის“ ექიმის განცხადებით, კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულებიდან სამი პაციენტის, მათ შორის არასრულწლოვნის მდგომარეობა მძიმეა
კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალის“ ექიმ-რეანიმატოლოგის ინფორმაციით, კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული ოთხი პაციენტიდან სამის მდგომარეობა მძიმეა.
„კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ ამჟამად მკურნალობს ოთხი პაციენტი, სამი მათგანის ზოგადი მდგომარეობა არის მძიმე, ერთი პაციენტის საშუალო სიმძიმის. დაშავებულებიდან ერთ-ერთი არის არასრულწლოვანი, რომლის მდგომარეობა ჯერჯერობით არის მძიმე, არის მრავლობითი ტრავმის დიაგნოზი. ამჟამად უტარდებათ ინტენსიური დახმარება და მკურნალობა. შეიძლება პაციენტებს ჩაუტარდება ოპერაციული ჩარევა საჭიროებისამებრ“, – განაცხადა ალექსანდრე მხარგრძელმა.
ავტოსაგზაო შემთხვევა კრწანისის ქუჩაზე დღეს მოხდა. სატვირთო ავტომობილის მძღოლმა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი დაშავებული კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა, რვა პირი კი დაშავდა.