ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი კიდევ რამდენიმე ბენეფიციარმა დატოვა
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი კიდევ რამდენიმე ბენეფიციარმა დატოვა

ნინოწმინდის პანსიონი კიდევ რამდენიმე ბენეფიციარმა დატოვა. ისინი პანსიონიდან მიკროავტობუსით გაიყვანეს.

პანსიონის ეზოში შეკრებილები იყვნენ ბენეფიციარები, მეუფე სპირიდონი, სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები, რომლებიც რამდენიმე დღეა, პანსიონში მუშაობენ. პანსიონში იმყოფებოდა ასევე საერთაშორისო ორგანიზაცია „ვორლდ ვიჟენ“ საქართველოს წარმომადგენელი.

სულ რამდენი ბავშვი გაიყვანეს პანსიონიდან ამ დროისთვის უცნობია. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, შემაჯამებელ განცხადებას გაავრცელებენ. 18:00 საათის ინფორმაციით კი, პანსიონი ჯამში 15-მა ბენეფიციარმა დატოვა, მათ შორის სამი შშმ პირმა, რომელთა დაკავშირებითაც სასამართლომ 5 ივნისს გამოიტანა გადაწყვეტილება.

საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაევალათ ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები შშმ ბავშვების სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაყვანა.

ამასთან, როგორც „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ, ანა არგანაშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას მხოლოდ შშმ ბავშვების უფლებების დაცვა შეუძლია სპეციალური მოსარჩელის სტატუსით, სასამართლო გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ პანსიონში საფრთხე ეხება იქ მცხოვრებ ყველა ბავშვს.

ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის საკითხზე დღეს განცხადება გაავრცელა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ. მათი ინფორმაციით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ნინოწმინდის პანსიონიდან ჯამში 11 არასრულწლოვნის გამოყვანა უზრუნველყო, რომელთა შორის ერთი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია.