ნინო ზამბახიძე - საქართველოში დეფინიცია ფერმერიც არ არსებობს, ამიტომ ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი წინ გადადგმული ნაბიჯია
საქართველოში დეფინიცია ფერმერიც არ არსებობს, ამიტომ ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელსაც თანამედროვე სოფლის მეურნეობა ეფუძნება, – ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნინო ზამბახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროა, ფერმერს მიენიჭოს სტატუსი, რაც სამომავლოდ, მათთვის სხვადასხვა შეღავათზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
„მას შემდეგ რაც ფერმერთა ასოციაცია დაფუძნდა, ადვოკატირებას ვაკეთებთ, რომ შეიქმნას ფერმერთა რეესტრი, უნდა იყოს გამიჯნული და განსაზღვრული, ვინ არის ფერმერი. ჩვენს ქვეყანაში დეფინიცია ფერმერიც არ არსებობს, ამიტომ ვფიქრობთ, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, არის სწორედ ის, რასაც თანამედროვე სოფლის მეურნეობა ეფუძნება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომელი ფერმერი რას აწარმოებს, რომ ქაოტურად არ მოხდეს წარმოება და კერძო სექტორსაც ჰქონდეს საშუალება, თავისი ბიზნესი დაგეგმოს. ამიტომ ის პროექტი, რომელიც ფერმერის რეგისტრაციას, მიწის რეგისტრაციასა და შემდეგ მათი დეფინიციის განსაზღვრას მოუტანს ქვეყანას, ვფიქრობ არის ყველაზე წინ გადადგმული ნაბიჯი, ეს აქამდეც უნდა გაკეთებულიყო, თუმცა ნამდვილად არის დღეს ის პერიოდი, როდესაც ეს უნდა დაიწყოს, რადგან სხვანაირად ფერმერობის განვითარება წარმოუდგენელია“, – განუცხადა პირველ არხს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფერმათა და ფერმერთა რეგისტრაციის პროექტს იწყებს.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებულ პირთა აღრიცხვა, რაც შექმნის მნიშვნელოვან საინფორმაციო ბაზას და გააჩენს შესაძლებლობას, მიზნობრივი და სხვადასხვა მასტიმულირებელი პროექტის/პროგრამის განხორციელებისთვის სამიზნე ჯგუფები სწორად იქნეს შერჩეული.
პროექტის ბიუჯეტი 1 300 000 ლარს შეადგენს. მისი პირველი ეტაპის დასრულება 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება.