პოლონეთში ფერმერებმა უკრაინის საზღვარი გადაკეტეს და, სატვირთოების გარდა, მსუბუქი ავტომობილების, ავტობუსების და მატარებლების მგზავრებსაც არ ატარებენ
პოლონეთში ფერმერებმა უკრაინის საზღვარი გადაკეტეს და, სატვირთოების გარდა, მსუბუქი ავტომობილების, ავტობუსების და მატარებლების მგზავრებსაც არ ატარებენ

პოლონეთში ფერმერებმა უკრაინის საზღვარი გადაკეტეს და, სატვირთოების გარდა, მსუბუქი ავტომობილების, ავტობუსების და მატარებლების მგზავრებსაც არ ატარებენ. როგორც „ბიბისის“ რუსულენოვანი ბიურო წერს, ფერმერებს პოლონეთისა და უკრაინის საზღვარზე განლაგებული ცხრა გადასასვლელი პუნქტიდან ექვსი ჩაკეტილი აქვთ.

პარალელურად, აგრარულ სფეროში დასაქმებულები დღეს პოლონეთის მასშტაბით საპროტესტო აქციებს მართავენ, რომელთა ფარგლებშიც ავტომაგისტრალების ნაწილის ბლოკირება და რამდენიმე ქალაქის ცენტრში დემონსტრაციების გამართვაა დაგეგმილი.

აქციის მონაწილე ფერმერების უმთავრესი მოთხოვნა უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოლონეთში იმპორტის შეზღუდვაა. ამასთან, დემონსტრაციების მონაწილეები მოითხოვენ, მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადოს, რომ პოლონეთმა ევროკავშირის ე.წ. მწვანე შეთანხმება არ შეასრულა, რომელიც სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ პირებს სხვადასხვა გარემოსდაცვითი რეგულაციის შესრულებას ავალდებულებს, მათ შორის არის ფერმერების კუთვნილი მიწის გარკვეული ნაწილის დაუმუშავებლად დატოვება, რაც, მწვანე შეთანხმების მიხედვით, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას უზრუნველყოფს. პოლონელი ფერმერები აცხადებენ, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები მათ დააზარალებს.

ცნობისთვის, მანამდე, 2023 წლის ნოემბრიდან იანვრამდე პერიოდში უკრაინის საზღვარი ჩაკეტილი ჰქონდათ სატვირთო ავტომობილების პოლონელ მძღოლებს, რომლებიც უკრაინელი გადამზიდავებისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული შეღავათების გაუქმებას ითხოვდნენ. მათი განაცხადებით, უკრაინული კომპანიები გადაზიდვებს უფრო იაფად ახორციელებენ და ამის გამო ევროპული კომპანიები უფრო ხშირად ტვირთების გადაზიდვებისთვის უკრაინელებს ქირაობენ.

უკვე 2024 წლის 9 თებერვლიდან კი უკრაინის საზღვარი პოლონელმა ფერმერებმა ჩაკეტეს. აქციაში მონაწილე ფერმერების ნაწილმა სატვირთოებიდან უკრაინული მარცვლეული გადმოყარა, რაც ვარშავასა და კიევს შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი გახდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საზღვრის ბლოკირება მიუღებელია და ეს ქმედებები პოლიტიზებულს წააგავს, რასაც სერიოზული ნეგატიური შედეგი მოაქვს უკრაინისთვის.