ნინო წილოსანი ეკონომიკურ მაჩვენებლებზე - ეს დასაწყისია უკეთესი განვითარებისთვის, ასევე დადასტურებაა, რამდენად უსუსურია ოპოზიციის მცდელობა, გააკრიტიკოს პოლიტიკური თუ ეკონომიკური კურსი
ნინო წილოსანი ეკონომიკურ მაჩვენებლებზე - ეს დასაწყისია უკეთესი განვითარებისთვის, ასევე დადასტურებაა, რამდენად უსუსურია ოპოზიციის მცდელობა, გააკრიტიკოს პოლიტიკური თუ ეკონომიკური კურსი

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე ისაუბრა.

გამოსვლაში ნინო წილოსანმა მოიყვანა მსოფლიო ბანკის ანგარიში, სადაც ვკითხულობთ – „საქართველოში ვაკვირდებით წარმატებულ ეკონომიკურ ზრდას ბოლო ათწლეულში. მიუხედავად კოვიდის მძიმე შედეგებსა, მთავრობის მნიშვნელოვანმა დროულმა რეაგირებამ ხელი შეუწყო რეგიონში ყველაზე სწრაფ აღდგენას 2021 წელს ეკონომიკური ზრდა 10%-ს გადასცდა. დამყარებულია ჯანსაღი მაკროეკონომიკური ჩარჩო, მიმზიდველი ბიზნესგარემო და გაუმჯობესებულია მმართველობის ხარისხი. საქართველო გადავიდა ზედა საშუალო შემოსავლის ქვეყნების კატეგორიაში და სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა 19,5%-მდე, როცა ის ათწლეულის დასაწყისში 37,3% იყო“.

როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, ამავე მაღალრეპუტაციული ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის ხარისხი იმდენად გაიზარდა, რომ ჩვენ დახმარების მიმღები ქვეყნებიდან გადავინაცვლეთ დახმარების გამცემ ქვეყანათა ნუსხაში, მაშინ, როცა სულ რამდენიმე წლის წინ ვიყავით „იდას“ პროგრამის მსესხებლები, გასულ წელს გავხდით დონორი ქვეყანა და ჩვენი წვლილი შეგვაქვს დაბალი შემოსავლების ქვეყნების დაფინანსებაში.

„ასევე მნიშვნელოვანია გაეროს ადამიანური განვითარების ინდექსი, სადაც საქართველოზე ვკითხულობთ – საქართველო 191 ქვეყანას შორის 63-ე ადგილს იკავებს, რაც ძალიან მაღალი ადამიანური განვითარების მქონე ქვეყნების ჯგუფზე მიუთითებს. აქვე არ დაგვავიწყდეს, რომ 2022 წელს უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმს 17.3% გაუტოლდა. უმუშევართა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 48 000 ადამიანით შემცირდა. ეკონომიკური ზრდა, რომელიც ისახება თითოეულ ფერმერზე, მეწარმეზე, თუ სხვა ადამიანზე, საქართველოს მხრიდან განხორციელებული უწყვეტი ფინანსური დახმარების პროგრამები და ამ ეკონომიკური ზრდის შედეგად გაუმჯობესებული სოციალური დაცვის პაკეტები. ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას საყოველთაო ჯანდაცვის მიღმა, რომელთა საშუალებით 2022 წელს 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის 600 მილიონი ლარით დაფინანსდა 2 მილიონზე მეტი სერვისი. სწორედ ამ დღეებში დაანონსდა ღვიძლის ტრანსპლანტაცია, რომელსაც სახელმწიფო სრულად – 120 ათასი ლარის ოდენობით დააფინანსებს. ასევე ვიცით, რომ 2025 წლის ბოლომდე ახალი საცხოვრებელი ფართი იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს გადაეცემა. 7 ათასზე მეტ ოჯახს ახალ აშენებულ კორპუსში ბინები, ხოლო 6 ათასამდე ოჯახი სოფლად სახლის პროგრამით დაკმაყოფილდება“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ნინო წილოსანმა ასევე ყურადღება გაამახვილა სპორტში მიღწეულ წარმატებებზე და აღნიშნა, რომ როცა სპორტის თითქმის ყველა სახეობა – ჯგუფური თუ ინდივიდუალური, უმაგრეს მაჩვენებლებს დებს, ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ეკონომიკურად გავძლიერდით.

„ბოლო ორი წლის მანძილზე ქვეყანა პერმანენტულ სპორტულ წარმატებებს ზეიმობს და როცა საქართველო მასპინძლობს ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატს – ევრობასკეტს, უეფა-ს 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატს, ამავდროულად ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს და ძალიან წარმატებულად, რაგბში კი მივეჩვიეთ უდიდეს წარმატებებს, როგორ არ ვახსენოთ, რომ უმაღლესი რანგის ქვეყნებს, უელსს და იტალიას მოვუგეთ, 18 წლამდელებში ევროპის ჩემპიონები გავხდით, 20 წლამდელებმა ინგლისს მოუგეს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პირველად მონაწილეობს მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა პირველად მიიღო ევროპის ჩემპიონთა საგზური, გუდაური და ბაკურიანი ყოველწლიურად მსოფლიო თასის ეტაპების რეგულარული მასპინძელი ხდება, ახლაც კი ევროპის თამაშები მიდის და ოქროს ოთხი მედალი გვაქვს აღებული უამრავი სხვა გამარჯვების მიღმა. როცა სპორტის თითქმის ყველა სახეობა – ჯგუფური თუ ინდივიდუალური, უმაგრეს მაჩვენებლებს დებს, ეს მხოლოდ მეტყველებს იმაზე, რომ ეკონომიკურად გავძლიერდით, რადგან მხოლოდ მდიდარი ქვეყნის ფუფუნებაა, ჰქონდეს მრავალმხრივ განვითარებული და წარმატებული სპორტი, სადაც გვჭირდება კეთილმოწყობილი მოედნები, აუზები, ჩემპიონატისთვის საჭირო ფინანსები, ორგანიზაციულ ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები, ფედერაციების დაფინანსების სათანადო წყაროები და სხვა. გაიხსენეთ, როცა ერთი სპორტის გამარჯვების იმედად ვიყავით, ახლა კი სახეზე გვაქვს თანაბრად და კარგად განვითარებული სპორტის თითქმის ყველა სახეობა, რაც თანმიმდევრული და რაც მთავარია, ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია“ – განაცხადა ნინო წილოსანმა.

აქვე მან ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური კეთილდღეობის მაჩვენებელზე და აღნიშნა, რომ ეკონომიკური კეთილდღეობის უტყუარი მაჩვენებელია ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი, რომელიც რადიკალურად გაიზარდა და 6 600$-ს შეადგენს.

„ამ მაჩვენებლით ვუსწრებთ უკრაინას, მოლდოვას, სომხეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას და სხვა ქვეყნებს. თუმცა, ამ ციფრების უკან დგანან ადამიანები და თუ დღევანდელი განვითარების ხარისხით ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფთ აბსოლუტურად ყველა მოქალაქის კეთილდღეობას ეს მხოლოდ დასაწყისია უკეთესი განვითარებისთვის, ამავდროულად ნათელი დადასტურება, რამდენად უსუსურია ოპოზიციის მცდელობა, მცირედით მაინც გააკრიტიკოს ჩვენი პოლიტიკური თუ ეკონომიკური კურსი“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.