ირაკლი კობახიძე - ძალიან მიხარია, რომ ახალი მთავრობის საქმიანობის პირველივე თვე აღინიშნა მაღალი ეკონომიკური ზრდით, გვაქვს იმედი, რომ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ
ირაკლი კობახიძე - ძალიან მიხარია, რომ ახალი მთავრობის საქმიანობის პირველივე თვე აღინიშნა მაღალი ეკონომიკური ზრდით, გვაქვს იმედი, რომ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ

ძალიან მიხარია, რომ ახალი მთავრობის საქმიანობის პირველივე თვე აღინიშნა მაღალი ეკონომიკური ზრდით, ეს არის 9.5% და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ. გარდა ამისა, მთელი რიგი ზომები იქნა მიღებული, რომ კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ ეკონომიკური ზრდა. ეროვნულმა ბანკმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ამ კუთხით, მათ შორის, რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქსტატის ანგარიშს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.

„ყველაფერი გაკეთდება, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ეკონომიკური ზრდის ტემპი. ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 2021-ში, 2022-ში, შარშან გვქონდა 7.5%, ახლა, თებერვალში გვაქვს 9.5%. საბოლოო ჯამში, გვაქვს იმედი, რომ წლევანდელი მაჩვენებელი იქნება შარშანდელზე უკეთესი. ეს არის მთავარი, რათა ქვეყანამ წინ წაიწიოს ყველა მიმართულებით. ეკონომიკური ზრდა არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი თუნდაც საგარეო პოლიტიკური პოზიციები გაძლიერდეს და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე, მოსახლეობის დაახლოებით 15% ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, სწორედ ეკონომიკურ ზრდაზეა დამოკიდებული ამ მაჩვენებლის განულება, რაც არის ჩვენი ეროვნული ამოცანა. დარწმუნებული ვარ, წლის ბოლოს, ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, იმავე სიღარიბის შემცირების კუთხით, გვექნება ეკონომიკური წინსვლა“, – განაცხადა პრემიერმა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა.