ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდმა „ნატვრის ხემ“ შშმ მოზარდს სპეციალური ეტლი გადასცა
ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდმა „ნატვრის ხემ“ გორის რაიონის სოფელ ორთაშენში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოთხი წლის ბიჭს სპეციალური ეტლი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ფონდი ავრცელებს.
ფონდის წარმომადგენლების ცნობით, სპეციალური ეტლი, რომელიც მოზარდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქართველოში ამ ეტაპზე არ იყო ხელმისაწვდომი და „ნატვრის ხემ“ პატარა ტატოსთვის სპეციალურად ჩამოიტანა. ბავშვის მკურნალი ექიმის თქმით, ეტლი პატარას დაეხმარება გადაადგილებაში და ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ მას სხვა ორგანოები არ დაუზიანდეს. ოთხი წლის ბიჭს ეტლი პირადად ნინო სურგულაძემ გადასცა.
„სპეციალური ეტლი გადავეცით „ნატვრის ხის“ ბენეფიციარს, ოთხი წლის ბიჭს, რომელსაც ამის შემდეგ ექნება გადაადგილებისა და რეაბილიტაციის საშუალება. საქველმოქმედო ფონდი თავისი ბენეფიციარებისთვის დახმარების აღმოჩენას მომავალშიც გააგრძელებს“, – აღნიშნა ნინო სურგულაძემ.