მომღერალი ნინო ქათამაძე აცხადებს, რომ 17 მაისს საქართველოში არ იქნება და სამების ტაძრის ეზოში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ მომღერალმა „ნეტგაზეთს“ განუცხადა.
„ძალიან რთული მომენტია ჩემს შემთხვევაში და ნებისმიერი არტისტის შემთხვევაში. ვფიქრობ, თვითონ ეკლესიის მხრიდანაც სხვა ნაბიჯი შეუძლებელი იქნებოდა. თავის მხრივ, ფიქრობენ, რომ სწორი ნაბიჯი იყო. ჩვენთვისაც, ვფიქრობ, რომ ოჯახის სისწმინდესთან დაკავშირებით არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ნამდვილად, მაგრამ ასევე ვთვლი, რომ ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას სიყვარულით და არა განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების ჩაგვრის, განდევნის ხარჯზე. ეკლესია, თავის მხრივ, ცდილობს, დაალაგოს ურთიერთობა და ქადაგებდეს ოჯახის სიწმინდეს, მაგრამ, ჩემს შემთხვევაში, მე მართლაც მივდივარ, არ ვიქნები საქართველოში, მაგრამ განმარტებას ვაკეთებ იმ კუთხით, რომ არ შეიძლება ადამიანების ჩაგვრა“, – განუცხადა ნინო ქათამაძემ „ნეტგაზეთს“.
მანამდე, on.ge-მ ნინო ქათამაძის კომენტარი გაავრცელა, სადაც ის აცხადებს:
„ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ძალიან რთულია, როცა პატრიარქის სახელით გელაპარაკებიან… თუ დამირეკავს პატრიარქი, მე უარს ვერ ვიტყვი, მაგრამ არა უმცირესობების დამცირების და არაღიარების ხარჯზე. თუ მე მომიწევს, როგორც მოქალაქეს ოფიციალურად ამ ღონისძიებაზე სიმღერა, ეს არ მოხდება ლგბტ თემის უფლებების ხარჯზე“, — განმარტავს მომღერალი.
17 მაისს სამების ტაძრის ეზოში ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიზღვნილი კონცერტი გაიმართება, რომლის ორგანიზატორიც საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნია“. ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ ზემოაღნიშნულ კონცერტში მონაწილეობას აპირებს. „თბილისი პრაიდმა“ მიმართა „სუხიშვილებს“, 17 მაისისთვის სამების ტაძრის ეზოში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობა არ მიიღოს.