ნინო ლომჯარია - ეუთო/ოდირის დოკუმენტი არ ამბობს, რომ ცვლილება არ უნდა განხორციელდეს, ამბობს, რომ ამ ფორმით ცვლილებები არის საერთაშორისო სტანდარტებთან სრულიად შეუსაბამო
ნინო ლომჯარია - ეუთო/ოდირის დოკუმენტი არ ამბობს, რომ ცვლილება არ უნდა განხორციელდეს, ამბობს, რომ ამ ფორმით ცვლილებები არის საერთაშორისო სტანდარტებთან სრულიად შეუსაბამო

ჩვენ მივმართეთ ეუთო/ოდირს და ვთხოვეთ, საკუთარი მანდატის ფარგლებში, წარმოედგინათ მოსაზრება პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით, რომელიც აუქმებდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის აპარატს. ვთხოვეთ, მათ წარმოედგინათ მოსაზრება, რამდენად შეესაბამებოდა მიღებული ცვლილებები ადამიანის უფლებებისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების საქმიანობის პრინციპებსა და საერთაშორისო სტანდარტებს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ნინო ლომჯარიამ შეაფასა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის დღევანდელი განცხადება, სადაც ოხანაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია, გასაჯაროვდეს კითხვები, რომლებიც სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს გაუგზავნა.

როგორც ნინო ლომჯარია ამბობს, არასწორია განცხადება, რომ სახელმწიფომ არ იცოდა ამ პროცესის თაობაზე და მათ შეეძლოთ, მიეწოდებინათ შესაბამისი არგუმენტაცია ეუთო/ოდირისთვის.

„პარლამენტის ვალდებულება იყო, რომ კონსულტაციები გაემართა, მათ შორის სახალხო დამცველთანაც, როდესაც საქმე ეხებოდა ადამიანის უფლებების დაცვისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის სამ დღეში გაუქმებას და ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე ამ საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებას. რაც შეეხება ეუთო/ოდირისადმი მიმართვას, ასეთ პრაქტიკა, რომ სახალხო დამცველის მიმართვის შემთხვევაში, მან წინასწარი კონსულტაცია უნდა გაიაროს რომელიმე სახელმწიფო უწყებასთან, ასეთი პროცედურა ნამდვილად არ არსებობს, თუმცა სახელმწიფოსთვის ცნობილი იყო, რომ ჩვენ მივმართეთ ეუთო/ოდირს, როდესაც გაიგზავნა მოთხოვნა. ამის შესახებ თავად ეუთო/ოდირმა აცნობა საქართველოს საელჩოს. შესაბამისად, ისინი იყვნენ თავიდანვე ინფორმირებული ჩვენ მიერ გაგზავნილი მოთხოვნის თაობაზე, ისევე როგორც ეუთო/ოდირმა მიაწოდა მიღებული დასკვნა სახელმწიფოს არა ჩვენი მეშვეობით, არამედ დამოუკიდებლად.

არასწორია განცხადება, რომ სახელმწიფომ არ იცოდა ჩვენ მიერ ინიცირებული პროცესის თაობაზე და მათ შეეძლოთ მიეწოდებინათ შესაბამისი არგუმენტაცია ეუთო/ოდირისთვის. ეს არის დაჩქარებული პროცედურით მიღებული დასკვნა, ვინაიდან მოგეხსენებათ, ერთი კვირა დარჩა საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მიიღოს გადაწყვეტილება შეჩერების თაობაზე. ჩვენ ვკითხეთ ეუთო/ოდირს, ამის წარმოჩენა, მცდელობა იმისა, რომ რაღაცა კონსპირაცია იყო გაგზავნილ წერილში, ნამდვილად არასწორია.

ჩვენ მივმართეთ ეუთო/ოდირს და ვთხოვეთ მათ საკუთარი მანდატის ფარგლებში, წარმოედგინათ მოსაზრება პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით, რომელიც აუქმებდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის აპარატს. ვთხოვეთ, მათ წარმოედგინათ მოსაზრება, რამდენად შეესაბამებოდა მიღებული ცვლილებები ადამიანის უფლებებისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების საქმიანობის პრინციპებს და საერთაშორისო სტანდარტებს. ეს იყო ჩვენი თხოვნა, რომელიც გაიგზავნა.

ამას წინ უძღოდა ჩვენი მხრიდან პროცესის აღწერა, ჩვენი მოსაზრებები. ასევე ჩვენ გავუგზავნეთ არაოფიციალური თარგმანი მიღებული ორი კანონის. ვფიქრობ, ეს განცხადება იყო მცდელობა იმისა, რომ მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღება იყოს გაფანტული ან გადატანილი გარკვეულ ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე. აქ მთავარი, რაც ითქვა ეუთო/ოდირის მიერ არის, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ყველაზე ავტორიტეტული, ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური საერთაშორისო ინსტიტუტი აცხადებს, რომ ამ პროცესით მიღებული მსგავსი ცვლილებები, რაც აუქმებს დამოუკიდებელი ხელმძღვანელი პირის ვადას და რომელიც მიღებული იქნა ყოველგვარი ჩართულობის კონსულტაციის რაიმე კვლევების და დასაბუთებული ფაქტობრივი გარემოებების გარეშე, ეწინააღმდეგება საერთაშორისო ადამიანის უფლებების სტანდარტებს.

კონკრეტული მაგალითები აქვს მოყვანილი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი რეკომენდაციები გაიცა, რომ ძალიან სწორი იქნება, თუ შეჩერდება ამ კანონის მოქმედება და ჩვენ გადავალთ რეალური კონსულტაციების რეჟიმში, და ამ კონსულტაციების პროცესში პარლამენტი მოისმენს ყველა კომპეტენტური დაინტერესებული მხარის კომპეტენტურ მოსაზრებას. რა თქმა უნდა, პარლამენტს აქვს უფლება, იმსჯელოს სხვადასხვა ინსტიტუტის რეფორმაზე, მაგრამ ეს პროცესი უნდა იყოს რეალურად ორიენტირებული ამ ინსტიტუტების რეფორმისკენ და ეფუძნებოდეს გარკვეულ კვლევებს, მოსაზრებებს, დოკუმენტებს, ციფრებს, რაც ჩვენს შემთხვევაში, არ მომხდარა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, ეუთო/ოდირის დოკუმენტი არ ამბობს, რომ ცვლილება არ უნდა განხორციელდეს, არამედ ამბობს, რომ ამ ფორმით ცვლილებები არის საერთაშორისო სტანდარტებთან სრულიად შეუსაბამო.

„ეს დოკუმენტი არ ამბობს, რომ ასეთი ცვლილება არ უნდა განხორციელდეს. უბრალოდ ამბობს, რომ ამ პროცესით, ამ ფორმით ასეთი ცვლილებები არის საერთაშორისო სტანდარტებთან სრულიად შეუსაბამო. ნაკლები მოლოდინი მაქვს პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან, ამიტომ წავედით ჩვენ სასამართლოში, რომელიც უნდა იყოს ყოველგვარი პოლიტიკური გავლენებისაგან და მიზანშეწონილობისგან დაცლილი. რაიმე დამოუკიდებლობის სულ მცირე ხარისხი თუ დარჩა საკონსტიტუციო სასამართლოს, მე ვერ წარმომიდგენია, მან მიიღოს სხვაგვარი გადაწყვეტილება, რადგან მას უკვე აქვს ნამსჯელი მსგავსი ტიპის შემთხვევებზე და დადგენილი აქვს პრაქტიკა, რომ მსგავსი სახით დამოუკიდებელი ინსტიტუტების არჩევითი თუ დანიშნული თანამდებობის პირების ვადის შეწყვეტა არის არაკონსტიტუციური. ამას ემატება კიდევ ჩვენი მოსაზრებები, ეუთო/ოდირის მოსაზრებები, სხვა დამოუკიდებელი მხარის მოსაზრებები. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლო ამ ქვეყანაში, რომელიც დადგება მოწოდების სიმაღლეზე და დაიცავს საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებს, მოსაზრებებს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.