ნინო ბურჯანაძე - რუსეთის ხელისუფლებას ახალი ნორმანდიული ფორმატი კი არა, პირდაპირი დიალოგი უნდა შევთავაზოთ
ნინო ბურჯანაძე - რუსეთის ხელისუფლებას ახალი ნორმანდიული ფორმატი კი არა, პირდაპირი დიალოგი უნდა შევთავაზოთ

შესაძლებელია, შენარჩუნდეს ყველა არსებითი ფორმატი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვთქვათ უარი პარტნიორების მხარდაჭერასა და თანადგომაზე, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

ამ კომენტარით ბურჯანაძე ნორმანდიულ ფორმატზე საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„არაერთგზის მითქვამს, რომ შესაძლებელია შენარჩუნდეს ყველა არსებითი ფორმატი, არავითარ შემთხვევაში უარი არ უნდა ვთქვათ პარტნიორების მხარდაჭერაზე და თანადგომაზე, როცა მე რუსეთთან პირდაპირ დიალოგზე ვსაუბრობ ხოლმე, არასოდეს ვამბობ იმას, რომ მარტო ოსეთს უნდა ველაპარაკოთ და დასავლეთთან გავწყვიტოთ ურთიერთობები, ან დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა არ უნდა გვქონდეს“ ,- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

ამასთან, ბურჯანაძის თქმით, რუსეთის ხელისუფლებას არა ახალი ნორმანდიული ფორმატი, არამედ პირდაპირი დიალოგი უნდა შესთავაზონ.

„ახალი ნორმანდიული ფორმატი კი არ უნდა შევთავაზოთ, არამედ უნდა შევთავაზოთ პირდაპირი დიალოგი რუსეთის ხელისუფლებას. მე აბსოლუტურად გამოვრიცხავ იმას, რომ ამ ტიპის ფორმატს რუსეთის ხელისუფლება დათანხმდეს, ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული, ეს არის მკვდარშობილი იდეა,  მცდელობა, აჩვენონ, თითქოს, რაღაცას საერთაშორისო არენაზე აკეთებ. თუ რეალურად უნდა ქალბატონ სალომეს ან ამ ხელისუფლებაში ვინმეს, რომ დაიწყოს რუსულ-ქართულ ურთიერთობებში ახალი ეტაპი, ამას სჭირდება პირდაპირი დიალოგისადმი მზადება. დიახ, დიალოგი არ ნიშნავს დათმობას, დიახ, დიალოგი არ ნიშნავს საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებზე უარის თქმას. არ საუბარი, დიალოგზე უარის თქმა, რაღაცა ფორმატების გამოგონება, წინასწარ ვიცით, რომ რუსეთისგან უარყოფილი იქნება, ეს ნიშნავს დათმობას და იმ სტატუსკვოს შენარჩუნებას, რომელიც აწყობს რუსეთს და არავითარ შემთხვევაში საქართველოს. ასე რომ, ყველა ის ადამიანი, ყველა ის პოლიტიკური ძალა, ყველა ხელისუფლება, ყველა ის თანამდებობის პირი, რომელიც დღეს არ იღწვის იმისათვის, რომ გაიხსნას პირდაპირი დიალოგი რუსეთთან და შენარჩუნდეს ის სტატუსკვო რომელიც არის, სამწუხაროდ, ნებსით თუ უნებლიედ აყოვნებს საქართველოს პრობლემების მოგვარებას“ ,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ ჟენევის ფორმატსა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე საუბრისას განაცხადა, რომ არაფრის მომცემია რუსეთთან ურთიერთობის ტექნიკური ფორმატები, დიალოგი და მოლაპარაკებები არ ნიშნავს დათმობას. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა: „დასავლელ პარტნიორებს უნდა ვეუბნებოდეთ, რომ გვჭირდება ნორმანდიული ფორმატის მსგავსი ფორმატები“.