ნორმანდიულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება უპირობოდ უნდა იქნას დაცული
ნორმანდიულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება უპირობოდ უნდა იქნას დაცული

ნორმანდიული ფორმატის ფარგლებში ელისეს სასახლეში გამართულ შეხვედრაზე რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის მუდმივი შეწყვეტის გადაწყვეტილება უპირობოდ უნდა იქნას დაცული. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთის წარმომადგენელმა, დმიტრი კოზაკმა განაცხადა, რომ მრავალი საკითხი გადაუჭრელი რჩება.

„შევთანხმდით, რომ მინსკის შეთანხმებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა უთანხმოებების მიუხედავად, რომელიც არსებობს უკრაინასა და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებს შორის, ზავი დონბასში უპირობოდ უნდა იქნას დაცული“, – განაცხადა კოზაკმა. მისი თქმით, მსგავსი შეთანხმებების რეალიზაციაზე „ვალდებულება“ უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და თვითგამოცხადებული დონესკისა და ლუგანსკის შეიარაღებულ ფორმირებებს ეკისრებათ.

უკრაინის წარმომადგენლის განცხადებით, ცეცხლის მუდმივ შეწყვეტას ყველას მხარდაჭერა აქვს და უკრაინა მზად არის, აწარმოოს მოლაპარაკებები ომის პრევენციისა და საზღვრის გარშემო დაძაბულობის დეესკალაციისთვის. ანდრეი იერმაკმა ნორმანდიული ფორმატის ფარგლებში განახლებული მოლაპარაკებები ძალიან პოზიტიურ სიგნალად შეაფასა.

„მუშაობა გრძელდება და მინდა, გითხრათ, რომ უკრაინა როგორც ყოველთვის მზად არის მოლაპარაკებისა და 24/7-ზე შეხვედრისთვის, რადგან ჩვენი, ჩვენი პრეზიდენტისა და მთელი გუნდის მიზანია ომის შეჩერება, ომის დასრულება და ჩვენი ტერიტორიების დაბრუნება. დღეს ეს ასევე მოიცავს დაძაბულობის შესუსტებას, უკრაინის საზღვართან დეესკალაცია პრიორიტეტულია“, – განაცხადა იერმაკმა.

უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებისთვის მოლაპარაკებები ორ კვირაში ბერლინში განახლდება.

უკრაინის საზღვართან რუსეთის მიერ მობილიზებული შეიარაღებული ძალების რიცხვი 100 000 სამხედროს აჭარბებს.

დატოვე კომენტარი