ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლების ამაზრზენი ქცევის მიუხედავად, ჩვენ არ ვამბობთ უარს მოლაპარაკებებზე, მაგრამ გამორიცხულია რამე ტიპის შეთანხმება, თუ ნიკა მელია დარჩება ციხეში
ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლების ამაზრზენი ქცევის მიუხედავად, ჩვენ არ ვამბობთ უარს მოლაპარაკებებზე, მაგრამ გამორიცხულია რამე ტიპის შეთანხმება, თუ ნიკა მელია დარჩება ციხეში

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიციამ ელჩებთან შეხვედრაზე დააფიქსირა პოზიცია, რომ ხელისუფლების ქმედებების მიუხედავად, არ ამბობენ უარს მოლაპარაკებებზე.

თუმცა, ბურჯანაძის განმარტებით, გამორიცხულია რამე ტიპის შეთანხმება, თუ ნიკა მელია დარჩება ციხეში და გაგრძელდება პოლიტიკური დევნა.

„ისინი მზად არიან, ამ პროცესში თავისი წვლილი შეიტანონ და თქვენ მოისმინეთ მათი ოფიციალური განცხადებებიც იმასთან დაკავშირებით, რომ უბრალოდ შოკირებული არიან, რაც მოხდა დღეს დილით. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის გადაწყვეტილება და ნაბიჯი, რომელიც რამენაირად უწყობს ხელს პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევას. ოპოზიციამ განაცხადა, რომ მიუხედავად ხელისუფლების აბსოლუტურად ამაზრზენი ქცევისა, როდესაც კობახიძემ ჩამონათვალი გააკეთა, შემდეგი ვინ უნდა დააპატიმრონ, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მცდელობა, არ გართულებულიყო ვითარება, ოპოზიციის სისუსტედ მოინათლა, ჩვენ არ ვამბობთ მოლაპარაკებებზე უარს, მაგრამ გამორიცხულია, რამე ტიპის შეთანხმება მოხდეს, თუ ნიკა მელია დარჩება ციხეში, თუ პოლიტიკური პატიმრები დარჩებიან ციხეში, თუ პოლიტიკური დევნა გაგრძელდება, გამორიცხულია, რომ პროცესი დალაგდეს. მთავარი პირობები არის ვადამდელი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ეს არის ზგა იმისა, რომ ქვეყანა გამოვიდეს ჩიხიდან“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში იმყოფებოდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რათა ფასილიტატორ ელჩებს სურთ, დაადგინონ მხარეების პოზიციები, არის თუ არა სივრცე მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. მისივე ინფორმაციით, ელჩები შეხვდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებსაც.