შალვა პაპუაშვილი „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული ორი პროექტის შესახებ, მათ შორის გამოთქმულ წუხილებზე, რომ არ მოხდეს ისეთი მოწესრიგება, რომელმაც შეიძლება, გარკვეული ჩრდილი მიაყენოს ამა თუ იმ აქტორს.

„ამაზე სხვა დროსაც გვქონდა საუბრები. გვესმის, რომ ასეთი წუხილები შეიძლება იყოს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ხდება თავად დისკუსიის სტიგმატიზება. ფაქტია, უკვე მას შემდეგ, რაც ამერიკული კანონის პირდაპირი ასლი დაინიცირდა, ამ კანონსაც კი დაარქვეს არაამერიკული, რუსული. აბსურდამდე მიდის ეს დიაკუსია. გასაგებია, რომ არის დისკუსიის სტიგმატიზების მცდელობა. მიუხედავად იმისა, რომ სტიგმატიზების დიდი ტალღაა, ჩვენ დიდი დრო დავუთმეთ იმაზე საუბარს, რა მნიშვნელობა აქვს გამჭვირვალობას, ისევე როგორც გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გვქონდა საუბარი. ვფიქრობ, აქ არის სწორედ ურთიერთგაგება, რომ იმ აქტორებთან დაკავშირებით, ვინც ჩართული არიან პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებასა და მიღებაში, გამჭვირვალობის მოთხოვნა აქვთ ჩვენს მოქალაქეებს და პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ ეს უფლება რეალიზდეს. ამიტომ ჩვენ ამ საჭიროებებზეც ვისაუბრეთ. ვუთხარით, რომ ვენეციის კომისიაში გავაგზავნით ორივე კანონპროექტს და დაველოდებით ვენეციის კომისიის მოსაზრებებს. ამასობაში არის საკმარისი დრო, რათა სხვა მსჯელობაც იყოს. სამოქალაქო საზოგადოებამ, ნაცვლად იმისა, რომ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით თავად დისკუსიის სტიგმატიზება და ტაბუირება მოახდინოს, თუკი ამ საკითხში თავს ძლიერად გრძნობენ, პირიქით აჩვენოს, რომ არიან აქტიურები ამ საკითხში. როგორც დახურულ კარს მიღმა საუბრებში ამბობენ, მიიჩნევენ, რომ გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია, რომ გამჭვირვალობის ის დონე, რომელიც დღეს არსებობს, არ არის საკმარისი, თავად იყვნენ აქტიური ამ საკითხებში, იმუშაონ თუნდაც პარლამენტთან იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი გამჭვირვალობა და აღმოიფხვრას ის ხარვეზი, რომელიც ჩვენს სისტემას აქვს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების ფორმირებასა და მიღებაში მონაწილე ყველა აქტორი, სახელმწიფო ინსტიტუტები, პარტიები, საჯარო მოხელეები არიან გამჭვირვალენი თავიანთ ფინანსებში და მხოლოდ ერთი აქტორი – არასამთავრობო სექტორი არის გაუმჭვირვალე ამ მხრივ. უფრო სწორად, სხვადასხვა ტიპის გამჭვირვალობა არის ამ ორგანიზაციებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.