ილია დარჩიაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებს შეხვდა
ილია დარჩიაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების სპეციალური წარმომადგენლების დელეგაციასთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ საკითხს წარმოადგენდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატი და მისი სამომავლო განვითარების შესაძლებლობები. მინისტრმა დელეგაციის წარმომადგენლებს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა გააცნო. უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილმა დეტალურად ისაუბრა ქართული მხარის მიერ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე გატარებული რეფორმებისა და მიღწეული შედეგების შესახებ.

„შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევები. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის პროცესში ევროკავშირის როლს, მათ შორის ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ფუნქციონირების, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში თანათავმჯდომარეობისა და არაღიარების, ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების გზით. მინისტრმა იმედი გამოითქვა, რომ საქართველოს ძალისხმევა სათანადოდ შეფასდება, ევროპელი პარტნიორები ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებენ და საქართველოს მიმდინარე წელს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება. ამ კონტექსტში ილია დარჩიაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ელჩები მიესალმნენ საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროპული ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის პროცესის გაგრძელების მნიშვნელობას საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ამბიციური დღის წესრიგის წარმატებით განხორციელებისთვის“, – ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ევროკავშირის 20-მდე წევრი ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია და ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დელეგაციის შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში ელჩები ეწვევიან საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობიან უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას.

ევროკავშირის ოცამდე წევრი ქვეყნის წარმომადგენლობით დელეგაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დირკ შუბელი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იმყოფება ესპანეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელი გაბრიელ კრემადესი.