რატი ბრეგაძე ელჩებთან შეხვედრაზე - ეს იყო ორმხრივი სურვილი და ინფორმაციის გაცვლა
რატი ბრეგაძე ელჩებთან შეხვედრაზე - ეს იყო ორმხრივი სურვილი და ინფორმაციის გაცვლა

ეს იყო ორმხრივი სურვილი და ინფორმაციის გაცვლა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ელჩებთან შეხვედრაზე საუბრისას „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„იმ საკითხებზე, რაზეც ელჩებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ, ერთობლივად შევთანხმდით, რომ რაზეც ვისაუბრეთ, ამის შინაარსი ბოლომდე არ უნდა გასულიყო. მე მაქსიმალურად დავიცავი ყველა შეთანხმება. თუკი ცალკეული პირი გაამჟღავნებს, ეს მისი გადასაწყვეტია.

ეს შეხვედრა იყო როგორც ჩვენი ინიციატივით, რადგან გვინდოდა, მათთვის რეალური სურათი გაგვეცნო, ასევე მათი ინიციატივითაც. მათ, ბუნებრივია, გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება და წუხილი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო და ჩვენც გავაცანით სრული ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა ამ ადამიანის გარშემო, რას აკეთებს სახელმწიფო და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს შეხვედრა იყო ორმხრივი სურვილი და ეს იყო, რეალურად, ინფორმაციის გაცვლა. ჩვენ მათ მივაწოდეთ სრულფასოვანი ინფორმაცია, რომელიც ფაქტებით იყო გამყარებული.

იმ პერიოდში, როდესაც საქართველო არის ევროინტეგრაციის პროცესში და ხელისუფლება მოსახლეობის დავალებას ასრულებს მაქსიმალურად, ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ ჩვენს პარტნიორებს ჰქონდეთ სრულფასოვანი, ობიექტური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში და როგორ სრულდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა განაცხადა – „28 დეკემბერს ჩვენმა დელეგაციამ განახორციელა ფორმალური დემარში იუსტიციის მინისტრთან, გამოხატა შეშფოთება სააკაშვილის შესახებ მოხსენებებზე, საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია, მიიღოს ყველა საჭირო ზომა“.