ნინია კაკაბაძე - ზვიად დევდარიანის ბრალდება სასოწარკვეთილი ადამიანის ღნავილს ჰგავს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ნინია კაკაბაძე სიდა-ს ყოფილი ხელმძღვანელის ზვიად დევდარიანის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში საკუთარი კანდიდატის გაყვანით დაინტერესებულმა პირებმა დაგეგმეს, „აბსოლუტურ სისულელეს“ უწოდებს.
ნინია კაკაბაძის თქმით, ზვიად დევდარიანი სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია და ცდილობს, ავტორიტეტი ნაწილობრივ მაინც აღიდგინოს.
„რა შუაში არის ბორდის წევრობა და ამისთვის მოგონილი რაღაც კამპანია. მე ვიყავი საპარლამენტო ოპოზიციის მიერ დასახელებული კანდიდატი, ხოლო ზვიად დევდარიანი ომბუდსმენის მიერ დასახელებული კანდიდატი.
ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები არ ვყოფილვართ. აბსოლუტურად სხვადასხვა კვოტით ვიღებდით მონაწილეობას, ამიტომ ეს სასოწარკვეთილი ადამიანის ღნავილს ჰგავს. ასი პროცენტით გამოვრიცხავ, რომ ჩემ წინააღმდეგ, როგორც ვითომ კონკურენტის წინააღმდეგ, რაიმე სახის მტკიცებულება ჰქონდეს“, – განაცხადა ნინია კაკაბაძემ.
ზვიად დევდარიანი ამბობს, რომ აქვს ეჭვი, მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში საკუთარი კანდიდატის გაყვანით დაინტერესებულმა პირებმა დაგეგმეს.