ნინია კაკაბაძე - ხელისუფლების შიში ძალიან ნათელია, ებღაუჭებიან ძალაუფლებას, ხვდებიან, რომ მათ ძალაუფლებას წყალი შეუდგა
ხელისუფლების შიში ძალიან ნათელია, ებღაუჭებიან ძალაუფლებას, ხვდებიან, რომ მათ ძალაუფლებას წყალი შეუდგა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, ნინია კაკაბაძემ პარლამენტის წინ, აქციაზე განაცხადა.
„ნებისმიერი ცვლილება, რაც ჩვენს ქვეყანაში მომხდარა 1989 წლიდან დაწყებული, დაწყებულა ამ კიბეებზე. ასე იყო 9 აპრილსაც გაშლილი, ლეიბებზე იწვნენ ადამიანები, ღამით ეძინათ აქ. ყველა ეს ცვლილება, ჩვენს ქვეყანაში რაც ყოფილა, უკავშირდება კარვებს, აქ დადგმულ ლეიბებს. იციან, რომ ამით იწყება ყოველთვის ეს ცვლილებები”, – განაცხადა ნინია კაკაბაძემ.
მისივე თქმით, არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ხელისუფლება შეშინებულია.
„ამ ხელისუფლების შიში ძალიან ნათელია, ძალიან ადვილად დასანახია, რადგან თუნდაც პირველი ტურის შედეგების შემდეგ, რომელსაც ალბათ თვითონაც არ ელოდნენ, მათ სახეების ყურება, მათი სმენა არის, ამას არ სჭირდება ფსიქოლოგობა, დავინახოთ, რომ ადამიანებმა მოულოდნელი ინფორმაცია მიიღეს და ებღაუჭებიან ძალაუფლებას. ხვდებიან, რომ მათ ძალაუფლებას წყალი შეუდგა“, – განაცხადა ნინია კაკაბაძემ.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლებამ საკუთარ თავს ბოლო მოუღო ცალკეულ ადამიანთან და ხალხთან დაპირისპირებით.
„ძალიან მძიმე საყურებელი იყო, როდესაც რობაქიძის დედამ ჩაუარა ამ ადგილს, შეჩერდა და თქვა, რომ ის ძალიან განიცდის, რომ დღეს ბავშვები კიდევ ქუჩაში ერთმანეთს უპირისპირდებიან და გააგრძელა გზა. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ამ ეტაპამდე ცდილობდნენ, ამას არ მისცენ არანაირი პოლიტიკური სარჩელი. ვფიქრობ, რომ დრო გავა და ფსიქოლოგებისთვის ძალიან საინტერესო საკვლევი თემა იქნება ნაცოფობია. ყველგან მათ ხედავენ, ამ ორ ადამიანშიც კი „ნაციონალურ მოძრაობას“ ხედავენ, ცდილობენ ისე შეფუთონ, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და „რუსთავი 2“-ის დაწყებული, აგორებული კამპანია და ამით ცდილობენ ხალხის მოტყუებას“, – განაცხადა ნინია კაკაბაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება ადამიანებს უპირისპირდება.
„აქ არამხოლოდ იმაზეა საუბარი, რომ ეს ადამიანები სამართალს ვერ პოულობენ. ვხედავთ უკვე, რომ ამ ადამიანებს უპირისპირდება სახელმწიფო და ეს არის ყველაზე მძიმე საყურებელი, ისევე, როგორ სახელმწიფო უპირისპირდებოდა რობაქიძის დედას, გირგვლიანის დედას. ღიზიანდებიან ხოლმე, როდესაც ვადარებ, მაგრამ იგივე შემთხვევაა. სახელმწიფო იმიტომ, რომ მისი ლოკალური ინტერესები დაიცვას, იმიტომ, რომ თავისიანს ხელი არ კრას. ცხადია ჩანს, რომ ეს ამხელა მონსტრი უპირისპირდება ამ ერთეულ ადამიანებს“, – განაცხადა ნინია კაკაბაძემ.