ზაზა გაბუნია - ნინია კაკაბაძის საკითხზე თითოეულმა დეპუტატმა თავისუფალი გადაწყვეტილება საკუთარი მრწამსით მიიღო
ზაზა გაბუნია - ნინია კაკაბაძის საკითხზე თითოეულმა დეპუტატმა თავისუფალი გადაწყვეტილება საკუთარი მრწამსით მიიღო

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაზა გაბუნია აცხადებს, რომ ნინია კაკაბაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად არჩევის საკითხზე თითოეულმა დეპუტატმა თავისუფალი გადაწყვეტილება საკუთარი მრწამსისა და შეხედულებით მიიღო.

ზაზა გაბუნია დეპუტატ გედევან ფოფხაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კენჭისყრამდე 15 წუთით ადრე გადაწყვეტილება ვინმეს ზეგავლენით არ მიუღიათ.

„მე ვერ დაგიდასტურებთ, რომ ნინია კაკაბაძესთან დაკავშირებით რამე 15 წუთით ადრე, მით უმეტეს, ვინმეს ზეგავლენით მოხდა. ამ საკითხზე უმრავლესობის ფარგლებში მსჯელობა გვქონდა, სადაც არგუმენტები აიწონ-დაიწონა, რომელი უფრო ღირებული და წონადი იყო.

ვისაც ეს თემა ძალიან აქტიურად აინტერესებდა, პოზიცია გამოთქვა და სესიაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. თითოეულმა დეპუტატმა ამ საკითხზე თავისუფალი გადაწყვეტილება საკუთარი მრწამსის და საკუთარი შეხედულებით მიიღო. უმრავლესობის სხდომაზე არც ერთ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მომავალ სასესიო კვირაში კენჭსაყრელია არცერთი დეპუტატის მიმართ დავალება არ ხდება – ამას გააკეთებს, იმას დაუჭერს თუ არ დაუჭერს მხარს.

ჩვენ ვმსჯელობთ, არგუმენტებს ვწონით და თითოეული დეპუტატი გადაწყვეტილებას სესიაზე ვიღებთ. ამ საკითხთან დაკავშირებითაც ასე იყო. შესაძლებელია, ადამიანებს პოზიცია ჰქონდეს, ეს პოზიცია საკუთარ კოლეგას გასაზიარებლად შესთავაზოს რომელსაც ან გაიზიარებს ან არა.

რამდენიმე წუთით ადრე ეს საკითხი არ გადაწყვეტილა. უმრავლესობის ერთ-ერთ სხდომაზე მსჯელობის მთელი სექცია ამ თემას დაეთმო. ეს ნიშნავს, რომ უცებ გადაწყვეტილი საკითხი არ არის. არაფერი ჯერ არმომხდარი, არაფერი გასაოცარი, არაფერი ექსკლუზიური და ვერწარმოსადგენი არ მომხდარა. ძალადობა, ზეწოლა და მინიშნება არც სესიამდე და არც მანამდე არ მომხდარა“, – აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ამ თემაზე ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით უმრავლესობაში მსჯელობა გაიმართება და სასურველია, ამ მსჯელობაში მონაწილეობა გედევან ფოფხაძემაც მიიღოს.

„იქამდე, სანამ ჩვენ ამ საკითხის განხილვისთვის ინდივიდუალური ფორმატიდან გაფართოებულ ფორმატში გადავალთ, მიმაჩნია, რომ გედევან ფოფხაძეზე საკმარისად ითქვა. ამაზე მსჯელობაა საჭირო, ჩვენ ასეთი ფორმატები გვაქვს, პარლამენტის თავმჯდომარემ ამ ფორმატებზე გუშინ მიანიშნა.

შესაძლებელია, ეს საკითხები იქ მათ შორის გედევანთან ერთად განვიხილოთ. ეს მარტივი და იოლი საკითხი არ არის. მიმაჩნია, რომ ასეთ საკითხებზე შედეგის თვალსაზისით მოვახერხებთ გუნდში ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ვიმსჯელოთ და განვიხილოთ. სასურველია, ამ მსჯელობაში მონაწილეობა გედევანმაც მიიღოს“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ნინია კაკაბაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი „ევროპული საქართველოს“ კვოტით გახდა. მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მხარი დაუჭირეს ნინია კაკაბაძის კანდიდატურას, დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს.

როგორც პირველ არხთან საუბრისას გედევან ფოფხაძემ განაცხადა, მმართველ გუნდში შეთანხმებული იყო, რომ ნინია კაკაბაძეს ხმას არ აძლევდნენ, მაგრამ პოზიცია კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიცვალა.

დატოვე კომენტარი