ნიკოლოზ სამხარაძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა - თქვენი ხელისუფლების დროს რომელ საერთაშორისო ასპარეზზე დავამარცხეთ რუსეთი, საერთოდ, გიჩივლიათ რუსეთისთვის, როდესაც ხელისუფლებაში იყავით?
ნიკოლოზ სამხარაძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა - თქვენი ხელისუფლების დროს რომელ საერთაშორისო ასპარეზზე დავამარცხეთ რუსეთი, საერთოდ, გიჩივლიათ რუსეთისთვის, როდესაც ხელისუფლებაში იყავით?

თქვენი ხელისუფლების დროს სად დავამარცხეთ რუსეთი, რომელ საერთაშორისო ასპარეზზე, რომელ საერთაშორისო სასამართლოში? საერთოდ, გიჩივლიათ თუ არა რუსეთისთვის, როდესაც ხელისუფლებაში იყავით? – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტში „ნაციონალურ მოძრაობას“.

მისივე თქმით, რუსეთთან სასამართლო დავების პროცესში დღევანდელ ხელისუფლებას მნიშვნელოვანი წარმატება აქვს.

„დღეს დარბაზში ძალიან ბევრჯერ გაისმა პრორუსული ხელისუფლება, „რუსული ოცნება“, რუსული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება და ასე შემდეგ. ჩვენო „სასიქადულო ოპონენტებო“, ამ „პრორუსულმა ხელისუფლებამ“ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთხელ დაამარცხა რუსეთი. ხომ ვერ მეტყვით, თქვენი ხელისუფლების დროს სად დავამარცხეთ რუსეთი, რომელ საერთაშორისო ასპარეზზე, რომელ საერთაშორისო სასამართლოში? საერთოდ, გიჩივლიათ თუ არა რუსეთისთვის, როდესაც ხელისუფლებაში იყავით? სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთს დაეკისრა 129 მილიონის გადახდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც 2008 წლის ომის მსხვერპლნი გახდნენ, საქართველოს მოქალაქეებისთვის და ეს არის 2021 წლის გადაწყვეტილების გაგრძელება. პირველი საქმე არ არის, რომელიც საქართველომ მოიგო რუსეთის წინააღმდეგ და შეიკრა წრე, რაც ნიშნავს, რომ საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით რუსეთი უკვე დადასტურებულად არის ცნობილი, როგორც ოკუპანტი, არა მხოლოდ 2008 წლის ომის დროს და ომის შემდეგ, არამედ 2008 წლის ომამდეც, როდესაც ის ეფექტურად ახორციელებდა კონტროლს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება, რომელსაც რუსეთთან სასამართლო დავების პროცესში ამ ხელისუფლებამ მიაღწია. დავები გაგრძელდება. ეს არ არის მხოლოდ სტრასბურგი, ასევე არის ჰააგა. საქართველომ უკრაინის სახელით სარჩელი შეიტანა ჰააგის სასამართლოში. იქნებ განგვიმარტოთ, ეს რომელ პრორუსულობაზე მეტყველებს? განგვიმარტეთ, რას ნიშნავს პრორუსული ხელისუფლება, თუ ასეთ ნაბიჯებს დგამს?“ – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

„ქართველი ხალხი არა მარტო სტატუსს, არამედ იმსახურებს იმას, რომ უკვე დაწყებული იყოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან. ეს ხალხი სხვა პლანეტაზე კი არ ცხოვრობს, ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უკვე მეცხრედ ირჩევენ „ქართულ ოცნებას“. შესაბამისად, მგონი, ხალხისა და ხელისუფლების გაყოფა პირველად პუტინმა მოინდომა 2008 წლის შემდეგ, როდესაც დღესასწაულებს გვილოცავდა ქართველ ხალხს, მაგრამ არ ულოცავდა ხელისუფლებას. ნუ იმეორებთ ამ მიდგომას, ხალხი და ხელისუფლება არის ერთიანი და ხალხი ირჩევს ხელისუფლებას, ყოველ შემთხვევაში, საქართველოსნაირ დემოკრატიულ ქვეყნებში“, – აღნიშნა სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გასულ კვირას საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფებოდა ჩეხეთში ევროკავშირის სპიკერების კონფერენციაზე და არაერთი შეხვედრა ჰქონდა თავის კოლეგებთან, სადაც ერთხმად იყო აღნიშნული პროგრესის შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ასევე, მხარდაჭერა, რომ წლის ბოლოს ქვეყანამ არსებითად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას. მე, როგორც საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტები მქონდა დანიასა და შვედეთში, სადაც ცალსახად იყო გამოთქმული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ძალიან ბევრ შეხვედრაზე გამოთქმული იყო სინანული იმასთან დაკავშირებით, რომ შარშანდელი გადაწყვეტილება დამსახურებაზე არ იყო დაფუძნებული. ამას არა მხოლოდ ჩვენ ვამბობთ, თვითონ ევროპელი კოლეგებიც აღნიშნავენ. ვიზიტები გაგრძელდება, წლის ბოლომდე ვეწვევით 27-ვე ქვეყნის ყველა დედაქალაქს. ყველა ქვეყნის მხარდაჭერა თანაბრად მნიშვნელოვანია, იქნება ეს უნგრეთი, გერმანია თუ კვიპროსი, რადგან გადაწყვეტილებები მიიღება ერთხმად. შესაბამისად, მგონი, უმწიფრობის ყველაზე ნათელი მაგალითია განცხადებების კეთება, რომ ზოგიერთი ქვეყანა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა ქვეყანა. ჩვენ 27-ვე ქვეყანასთან ძალიან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა გვჭირდება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.